რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი განის მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას აუკრძალავს. ამის შესახებ განის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამუელ ოკუძეტო აბლაკვამ განაცხადა.
მისი თქმით, მესამე რუსეთ-აფრიკის სამიტის შემდეგ კრემლში ვლადიმერ პუტინისა და განის პრეზიდენტის, ჯონ დრამანი მაჰამას შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტი დაჰპირდა, რომ განის მოქალაქეებს უკრაინის ომში მონაწილეობა აეკრძალებათ.
"ეს აკრძალვა ვრცელდება მონაწილეობის ყველა გარემოებაზე, როგორც არალეგალური გადაბირების გზით, ისე საკუთარი ინიციატივით", - განაცხადა განის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მანამდე, უკრაინაში ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების გაეროს დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ რუსეთის ფედერაცია ადამიანებით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) დაადანაშაულა, რაც ფრონტზე მოტყუებით გაგზავნილი უცხოელი დაქირავებული მებრძოლების გადაბირებას უკავშირდება. მსხვერპლი, სულ მცირე, 29 ქვეყნის ათობით მამაკაცი გახდა.
უკრაინის მთავრობის უახლესი მონაცემებით, რუსეთის ფედერაციამ 135 ქვეყნიდან 28 ათასზე მეტი უცხოელი გადაიბირა. მათგან 5 ათასზე მეტი უკვე დაიღუპა ომში. უკრაინაში სამხედრო ტყვედ, სულ მცირე, 213 უცხოელი იმყოფებოდა, რომელთაგან 37 აფრიკის ქვეყნების მოქალაქეა.
კენიის მთავრობამ კიევს სთხოვა, ეღიარებინათ ისინი ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლად, რადგან ეს მამაკაცები ომში მოტყუებით ჩაითრიეს.
როგორც Bloomberg წერდა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და ბოტსვანის მოქალაქეების გადაბირებით, სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილი დუდუზილე ზუმა-სამბუდლა იყო დაკავებული. ის მათ არწმუნებდა, რომ მცველთა მომზადების კურსებზე გაგზავნიდნენ, რათა მომავალში მამამისის პარტიაში ემუშავათ.