გაერთიანებულმა სამეფომ სირიის სამთავრობო ორგანოებს, მათ შორის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს სანქციები მოუხსნა. საუბარია ბრიტანეთის მიერ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დროს აღნიშნული უწყებების გაყინულ აქტივებზე.
BBC-ის ცნობით, ბრიტანეთი სანქციებს ასევე მოუხსნის სირიის ფინანსური სერვისებისა და ელექტროენერგიის წარმოების სექტორებსაც, რათა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ინვესტიციის ზრდას შეუწყოს ხელი.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები, რომლებიც დეკემბერში დამხობილი ასადის რეჟიმის წარმომადგენლებსა და უკანონო ნარკოვაჭრობაში დამნაშავე პირებს აქვთ დაწესებული, ძალაში რჩება.
ბრიტანეთის სანქციებს ასევე აღარ ექვემდებარება რამდენიმე მედიაორგანიზაცია და სირიის სადაზვერვო სამსახურები, თუმცა აღნიშნული ორგანოები ასადის დამხობის შემდეგ გააუქმეს.
სანქციები თავდაპირველად იმ ადამიანებს დაუწესდათ, რომლებიც სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების რეპრესიებსა და ასადის რეჟიმის მხარდაჭერაში ან რეჟიმისგან სარგებლის მიღებაში ედებოდათ ბრალი.
გაერთიანებულმა სამეფომ აქტივების გაყინვა მარტში 24 სირიულ უწყებას შეუჩერა, მათ შორის, სირიის ცენტრალურ ბანკს, სირიის ავიახაზებსა და ენერგოკომპანიებს.