ფინელი კანონმდებლები მზად არიან, განიხილონ რუსეთის საზღვრის გასწვრივ ტანკსაწინააღმდეგო ღობურებისა და სხვა სამხედრო გამაგრებების მშენებლობის საკითხი. ამის შესახებ Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია.
ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მმართველი "ეროვნული კოალიციური პარტიის" წარმომადგენელმა ჰეიკი აუტომ უკრაინის ომის გაკვეთილებზე მიუთითა. "თუ მოწინააღმდეგეს საბრძოლო მოქმედებების დასაწყისშივე 50 კილომეტრით წინ წაწევის საშუალებას მივცემთ, როგორც ჩანს, მისი უკან დახევა შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება", — განაცხადა მან. აუტო დარწმუნებულია, რომ გამაგრებები ჯერ კიდევ მშვიდობიან დროს უნდა შეიქმნას.
ამ მოსაზრებას დაეთანხმა ოპოზიციური "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" წევრი მიკა კარიც, რომელიც ასევე თავდაცვის კომიტეტის წევრია. "უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამოტანილი გაკვეთილები სრულად უნდა იქნეს გათვალისწინებული ფინეთის თავდაცვით დაგეგმარებაში და ცივი ომის დასრულების შემდეგ დავიწყებული საველე გამაგრებები დღეს კვლავ დღის წესრიგში დგას", — აღნიშნა მან. კარიმ დასძინა, რომ ეს საკითხი უფრო ხშირად უნდა განიხილებოდეს NATO-ს კოლექტიური თავდაცვის დაგეგმვის ფარგლებში.
მანამდე ფინეთის სახმელეთო ჯარების სარდალმა პასი ვალიმაკიმ Bloomberg-ს განუცხადა, რომ ფინეთი სწავლობს, თუ როგორ იმუშავებს ფინეთის ტერიტორიაზე უკრაინულის ანალოგიური გამაგრებები — ტანკსაწინააღმდეგო თხრილები და სხვა ნაგებობები — და რომ არმია მათ გამოცდას აპირებს.