სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ახალი კონსტიტუციის პირველი პროექტი წარადგინა. სპეციალურ ვებგვერდზე yourconstitution.am გამოქვეყნებული ტექსტის ერთ-ერთი მთავარი ცვლილება გახდა 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მითითების ამოღება, რომელიც აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებსა და მთიან ყარაბაღთან გაერთიანების სწრაფვას შეიცავს.
მოქალაქეებისადმი მიმართვისას ფაშინიანმა ახალი კონსტიტუციის მიღების აუცილებლობა განმარტა და პარლამენტში ოპოზიციას რეფერენდუმის ჩატარების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოქვეყნებული ტექსტი საბოლოო არ არის და შემდგომ საჯარო განხილვასა და დახვეწას ექვემდებარება. სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, გაეცნონ კონსტიტუციის პროექტს და საკუთარი წინადადებები წარადგინონ.
"ახალი ძირითადი კანონის მიღება სომხეთს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ ხელი მოაწეროს და რატიფიცირება მოახდინოს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების, არამედ უზრუნველყოს ინსტიტუციური, გრძელვადიანი და შეუქცევადი მშვიდობა", — ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა. "საჭიროა, რომ კონსტიტუცია იყოს შენი, რომ მართლწესრიგი იყოს შენი და ამგვარად, სახელმწიფო მთლიანად და სრულად იყოს შენი", — ციტირებს მის განცხადებას გამოცემა Newsarmenia.am.
სხვა საკითხებთან ერთად, სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტის პრეამბულაში საუბარია დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, უსაფრთხო და კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს მშენებლობაზე ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე.