ზონდმა BepiColombo-მ დაახლოებით ათი მილიარდი კილომეტრის სიგრძის გზა გაიარა და მერკურის ორბიტაზე გავიდა — ამის შესახებ ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა. "მომდევნო კვირის დასაწყისში ჩვენ გამოვაქვეყნებთ მორიგ განახლებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციით", — დასძინეს სააგენტოში.

უწყებაში განმარტეს, რომ კოსმოსური აპარატი სახმელეთო ცენტრთან კავშირზეა და გერმანიის ქალაქ დარმშტადტში მდებარე კოსმოსური ფრენების მართვის ევროპული ცენტრის (ESOC) სპეციალისტები ტელემეტრიულ მონაცემებს აქტიურად აანალიზებენ. ამგვარად, ზონდის ძირითადი მისია შესაძლოა, უახლოეს პერიოდში დაიწყოს. იგი მერკურიდან 674 კილომეტრის დაშორებით უნდა იმყოფებოდეს.

ევროპულ-იაპონური კოსმოსური ზონდი BepiColombo მერკურის მიმართულებით 2018 წლის 20 ოქტომბერს გაეშვა. პროგნოზირებული იყო, რომ აპარატი, რომლის სიგრძე 6,40 მეტრია, ხოლო წონა — 4,1 ტონა, მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტას 2025 წლის დეკემბერში მიაღწევდა.

მერკურის ორი სხვადასხვა ორბიტიდან გამოსაკვლევად BepiColombo-ს მრავალი ხელსაწყოთი აღჭურვილი ორი ავტონომიური თანამგზავრი გამოეყო. მათ უნდა შეისწავლონ მერკურის მაგნიტური ველი, ბირთვი და აირადი გარსი, გამოიკვლიონ და შეადგინონ მისი ზედაპირის რუკა. სააგენტო dpa აღნიშნავს, რომ მისიამ შესაძლოა, პასუხი გასცეს კითხვებს იმის შესახებ, არის თუ არა პლანეტაზე წყალი, რისგან შედგება იგი და როგორ ჩამოყალიბდა.

ორი თანამგზავრი სამოძრაო მოდულს ჯერ კიდევ სექტემბერში გამოეყო, თუმცა ისინი ამ დრომდე ერთმანეთთან არიან შეერთებული. სამიზნე ორბიტებზე აპარატები 2026 წლის დეკემბერსა და 2027 წლის მარტში გავლენ. სამეცნიერო მუშაობა აპრილში უნდა დაიწყოს.