5 ნოემბერს, ევროპის ქვეყნებს შორის მოძრავმა, სულ მცირე, 19-მა რეისმა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება მიიღო. ბოლო სამი დღის განმავლობაში ამან უკვე მეორედ გამოიწვია პრობლემები რეგიონის საავიაციო მიმოსვლაში, იუწყებიან სააგენტო dpa და BBC.
ცრუ გაფრთხილებები მიიღეს რეისებმა, რომლებიც სრულდებოდა ავსტრიას, ბელგიას, ბულგარეთს, დიდ ბრიტანეთს, საბერძნეთს, დანიას, ირლანდიას, ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, პორტუგალიას, რუმინეთს, ფინეთსა და ჩეხეთს შორის, აღნიშნავს ბრიტანული გამოცემა The Guardian.
შემოწმების შედეგად არცერთ თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა.
ბომბის შესახებ განცხადებების გამო, ირლანდიური ავიაკომპანია Aer Lingus-ის რეისი დუბლინი-რომი საფრანგეთში გადაამისამართეს და პარიზიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე სამხედრო აეროდრომზე დასვეს. ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Ryanair-ის ორმა რეისმა - კოპენჰაგენიდან და მადრიდიდან სოფიის მიმართულებით - ბულგარეთის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა, ხოლო ამავე ავიაკომპანიის თვითმფრინავი ლონდონიდან პლოვდივში - ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში გადაამისამართეს.
დანიშნულების პუნქტის შეცვლა მოუწიათ უნგრული "ლოუკოსტერის", Wizz Air-ის პილოტებსაც, რომლებიც მილანი-ვარშავის მარშრუტით მიფრინავდნენ. პოლონეთის დედაქალაქის ნაცვლად, ისინი იძულებულნი გახდნენ, თვითმფრინავი ვენაში დაესვათ. ცრუ შეტყობინებების წინაშე აღმოჩნდა ფინური Finnair-ის ერთდროულად ორი თვითმფრინავიც: ერთი ჰელსინკიდან ვენაში მიფრინავდა, მეორე კი - რომში. ერთ-ერთ რეისს იტალიის დედაქალაქში დაშვებისას გამანადგურებლები აცილებდნენ.
5 ნოემბერს ერთდროულად ოთხი რეისის დანაღმვის შესახებ შეტყობინება მიიღო ავსტრიის დედაქალაქის აეროპორტმა. პრაღის აეროპორტში დამჯდარი ოთხი თვითმფრინავის აფეთქების მუქარის შესახებ ინფორმაცია ჩეხეთის პოლიციამ გაავრცელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საუბარია დიდი ბრიტანეთიდან მომავალ ორ რეისზე, ასევე ირლანდიიდან და საბერძნეთიდან მომავალ თვითმფრინავებზე. მადრიდის აეროპორტში სამი თვითმფრინავის შესახებ ანალოგიური ყალბი შეტყობინებების თაობაზე ისაუბრეს.
ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებები ასევე შეეხო სამ რეისს მილან-ბერგამოს აეროპორტიდან და მის მიმართულებით. საუბარია სალონიკიდან და პორტუდან მომავალ, ასევე ბუქარესტის მიმართულებით მფრინავ თვითმფრინავებზე. გარდა ამისა, "დანაღმული" აღმოჩნდა პოლონური LOT-ის ორი ლაინერი, რომლებიც ვარშავიდან ბრიუსელსა და პარიზში მიფრინავდნენ. პირველი დანიშნულების ადგილზე წარმატებით დაეშვა, მეორის გაფრენა კი გადაიდო.