ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა სანქციები რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის 3 ფიზიკური პირისა და 4 ორგანიზაციის წინააღმდეგ. ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის, ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის პროგრამების მხარდაჭერაზე, ასევე გაეროს მოთხოვნების დარღვევით მოსკოვსა და ფხენიანს შორის სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის თანამშრომლობა მოიცავს ჩრდილოეთკორეელი მუშახელის გაგზავნას რუსეთში და ვაჭრობას სქემით — "იარაღი ნავთობის სანაცვლოდ".
სანქცირებულებს შორის არის ჩრდილოეთ კორეის აერონავტიკის ეროვნული სამმართველოს მკვლევარი ლი სონ ჯინი, რომელიც ასევე ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. ბრიუსელში მიუთითეს, რომ ის რუსეთში ტექნიკურ სპეციალისტად გაიგზავნა, რათა მხარი დაეჭირა რუსეთის მიერ ჩრდილოეთკორეული რაკეტების გამოყენებისთვის. ევროკავშირი მას ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების მხარდაჭერასა და დაწინაურებაში ჩართულად მიიჩნევს.
გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ სანქციების სიაში შეიყვანა რუსული დეველოპერული კომპანია Samolet Group და მისი გენერალური დირექტორი ანა აკინშინა. ევროპული საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია, გაეროს სანქციების დარღვევით, ჩრდილოეთკორეელ მუშებს ვლადივოსტოკში სამშენებლო პროექტებზე ასაქმებდა. სანქციები ასევე დაუწესდა რუსული ჰოლდინგის, Black Horse-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, ვლადიმერ სოკოლოვს, ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობით კომერციული და სამრეწველო პროექტების ხელშეწყობისთვის, მათ შორის, პრიმორსკის მხარეში რუსულ-ჩრდილოეთკორეული ინვესტიციების პროექტისთვის.
შეზღუდვები დაწესდა ნაოსნობის კომპანია Paekyangsan Shipping Co Ltd-ის წინააღმდეგაც. ევროკავშირის მონაცემებით, მისმა გემმა Paek Yang San 1-მა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის დროშით დაცურავს, გაეროს რეზოლუციის დარღვევით რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეაში ნავთობპროდუქტები გადაზიდა. სანქციების სიაში შევიდა Black Horse-ის შვილობილი სტრუქტურა Golden Autumn Agroholding-იც.
სიის ყველა ფიგურანტის აქტივები გაიყინება, ასევე აიკრძალება მათთვის პირდაპირ ან ირიბად ფულადი სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების მიწოდება. ფიზიკურ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ. საერთო ჯამში, 12 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ევროკავშირის სანქციების სიაში ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით 80 ფიზიკური და 25 იურიდიული პირი ირიცხება.