ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში გამართულ სხდომაზე დაამტკიცეს სანქციების სიაში თითქმის 1600 ახალი პოზიციის დამატება, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ეხება.

"მათ ნახევარზე მეტი ბალისტიკური რაკეტების წარმოების ჯაჭვთან არის დაკავშირებული", — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.

"ეს ჩვენი სანქციების სიის ყველაზე მასშტაბური გაფართოებაა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო. ევროპა კვლავ აჩვენებს ერთიან ფრონტს", — დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში. ამით ევროკავშირი "მნიშვნელოვნად ართულებს, ანელებს და აძვირებს იმ იარაღის წარმოებას, რომელსაც რუსეთი უკრაინელების დასახოცად იყენებს", - დასძინა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა.

ამრიგად, ევროკავშირის საბჭომ მოიწონა შეთანხმება, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა 7 ოქტომბერს მიაღწიეს. ფორმალურად საუბარი არ არის სანქციების მორიგ პაკეტზე, რადგან გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ახალ სექტორულ შეზღუდვებს.

როგორც იგეგმება, შეზღუდვები ჯამში 1646 ადამიანსა და ორგანიზაციას შეეხება. ამჟამად, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო, სანქციების რეჟიმში დაახლოებით სამი ათასი პირია, ანუ ერთი გადაწყვეტილებით ევროკავშირი მათ რაოდენობას ნახევარზე მეტით გაზრდის.

DW-ს წყაროების ცნობით, ევროკავშირის დიპლომატიურ წრეებში, სანქციების ამ სიაში რუსი ოლიგარქების ახალ გახმაურებულ სახელებს არ ელიან. ძირითადი სია 1569 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს, რომლებიც უპირატესად რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან არიან დაკავშირებული: 743 პიროვნება და 826 ორგანიზაცია.

Reuters-ის მონაცემებით, ახალი ფიგურანტების ნახევარზე მეტი ჩართულია ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში, მათ შორის "ისკანდერ-M" კომპლექსების. კერძოდ, საუბარია რაკეტების, სარაკეტო ძრავების და მყარი საწვავის შემქმნელებსა და მწარმოებლებზე, სპეციალიზებული მასალებისა და დრონების დამამზადებლებზე, ასევე იმ საწარმოებზე, რომლებიც წყალქვეშა ნავებს ემსახურებიან.