ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცეს სანქციების სიაში თითქმის 1600 ახალი პოზიციის დამატება, რაც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ეხება. "მათგან ნახევარზე მეტი ბალისტიკური რაკეტების წარმოების ჯაჭვთან არის დაკავშირებული", — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა.

"ეს არის ჩვენი სანქციების სიის ყველაზე მასშტაბური გაფართოება მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო. ევროპა კვლავ ერთიან ფრონტს აჩვენებს", — დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში. "ამით ევროკავშირი მნიშვნელოვნად ართულებს, ანელებს და ძვირს ხდის იმ იარაღის წარმოებას, რომელსაც რუსეთი უკრაინელების დასახოცად იყენებს", — დასძინა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა.

"კიევში ხიდების, მარცვლეულის გადამზიდი გემებისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობების დაბომბვა არ არის მშვიდობისკენ მიმართული ქვეყნის ქმედებები. ახლა მოსკოვზე ზეწოლის შესუსტების დრო კი არა, მისი გაძლიერების დროა", — ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე დაზუსტებულია, რომ ახალი სანქციები დაწესდა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაგრძელებული და გაძლიერებული აგრესიის და, კერძოდ, ბოლო დროს განხორციელებული არაადამიანური სამხედრო კამპანიის საპასუხოდ, რომელიც განზრახ არის მიმართული სამოქალაქო ინფრასტრუქტურისკენ".

სანქციების სიაში შეყვანილია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1569 ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის, 826 კომპანია და ამ საწარმოების 743 ხელმძღვანელი. ევროკავშირის მონაცემებით, ეს საშუალო რგოლის კომპანიები რუსეთის სამხედრო მრეწველობის "ბირთვს" შეადგენენ, მათი ჯამური წლიური ბრუნვა 20 მილიარდ ევროს აჭარბებს, ხოლო პერსონალის რაოდენობა 250 ათას ადამიანს შეადგენს.