ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაახანგრძლივოს ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის (EUMAM) მანდატი უკრაინის მხარდასაჭერად კიდევ ორი წლით, 2028 წლის 15 ნოემბრამდე, და ამ პერიოდისთვის ბიუჯეტიდან თითქმის 300 მლნ ევრო გამოყოს. ასევე, უკრაინის ხელისუფლებასთან და სამხედროებთან უკეთესი კოორდინაციისთვის, უკრაინაში შეიქმნება მისიის წარმომადგენლობა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში.
მისიის მასშტაბი გაფართოვდება, რათა ყურადღება გამახვილდეს საბრძოლო მოქმედებებიდან მიღებულ გამოცდილებაზე და სამხედრო მომზადების გაძლიერებაზე უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მხარდასაჭერად. გარდა ამისა, EUMAM გააგრძელებს თანამშრომლობას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არსებულ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ნორვეგია, ასევე საერთაშორისო "მსურველთა კოალიციასთან" და NATO-სთან.
EUMAM 2022 წლის ოქტომბერში შეიქმნა უკრაინის სამხედრო პოტენციალის გაძლიერების ხელშესაწყობად, რათა ქვეყანამ შეძლოს თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა რუსეთის შეიარაღებული აგრესიისგან. 2022 წლის ოქტომბერში შექმნის დღიდან, კიევის მოთხოვნით, მისიამ ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე 100 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მოამზადა.