ევროკავშირის ყველა სახელმწიფო დათანხმდა, გახსნას მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერები მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე. ამის შესახებ ირლანდიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ტომას ბირნმა მიკრობლოგ X-ში განაცხადა.

"შემიძლია, დავადასტურო, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა, უკრაინისა და მოლდოვისთვის მე-2 და მე-3 კლასტერები გახსნან, ხოლო ალბანეთისთვის — მე-17, მე-18 და მე-19 თავები, და ჩერნოგორიისთვის — მე-20 თავი დახურონ", — დაწერა ბირნმა.

საუბარია თემატური კლასტერების გახსნაზე: "შიდა ბაზარი" და "კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა".

მანამდე, იმავე დღეს, უკრაინის უმაღლესმა რადამ ორი მოსმენით და მთლიანობაში დაამტკიცა განათლების შესახებ კანონში შესწორებები, რომლებიც ეროვნული უმცირესობების უფლებებს ეხება. ეს დოკუმენტი აუცილებელი იყო იმისთვის, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერების გახსნაზე უნგრეთის თანხმობა მიეღოთ.

12 ოქტომბრის საღამოს, რადას დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა Telegram-ში განაცხადა, რომ მიღებულ კანონს ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი.

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ორგანიზებულია ექვს მსხვილ თემატურ ნაწილად — ეგრეთ წოდებულ კლასტერებად, რომლებიც კანონმდებლობისა და სახელმწიფო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროს მოიცავს. მოლაპარაკებების მსვლელობისას ევროკავშირი აფასებს, რამდენად არის მზად კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის წესებისა და სტანდარტების გამოსაყენებლად.

ექვს კლასტერს ეწოდება: "საფუძვლები", "შიდა ბაზარი", "კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა", "მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი ურთიერთდაკავშირება", "რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობა", "საგარეო ურთიერთობები".