დანია ევროკავშირის ქვეყნებს სთავაზობს, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემა და ასევე, შენგენის ზონის მთელ ტერიტორიაზე უარი თქვან რუსული არაბიომეტრიული პასპორტების აღიარებაზე. ამის შესახებ Reuters ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებისთვის გაგზავნილ დოკუმენტზე დაყრდნობით იუწყება. ინფორმაცია სააგენტოს ორმა დიპლომატმა დაუდასტურა. მოსალოდნელია, რომ კოპენჰაგენი ამ წინადადებებს 23 ნოემბერს, ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე წარადგენს.
"ახლა ყველა პირობაა შექმნილი გადამწყვეტი მოქმედებებისთვის და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი, რათა ეროვნული ზომების ამჟამინდელი დაქსაქსული ნაკრები ევროკავშირის მასშტაბით ჭეშმარიტად ერთიანი მიდგომით შევცვალოთ. ჩვენ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ევროპულ ძალასა და სიმტკიცეს გამოხატავს", — ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, დანია წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, უფრო ხშირად მიანიჭონ უპირატესობა ისეთ ვიზებს, რომლებიც შენგენის ზონის დანარჩენ ნაწილში გადაადგილების უფლებას არ იძლევა, ასევე დააწესონ უფრო მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში შესვლაზე რუსეთის მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის.
რუსეთის მოქალაქეების მიმართ სავიზო პოლიტიკის გამკაცრების მოთხოვნის საბაბი გახდა დანიის დაზვერვის 20 ნოემბრის განცხადება უკრაინისა და აშშ-ის მოქალაქის, რეპერ Kyivstoner-ის მკვლელობის მცდელობის აღკვეთის შესახებ. სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, მისი მკვლელობა სექტემბერში, კოპენჰაგენში გამართული კონცერტის დროს, ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფების ჩართულობით იგეგმებოდა, თავდასხმის ორგანიზების უკან კი რუსეთი იდგა.
ამ ფონზე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა განაცხადა რუსი სამხედრო ატაშეს გაძევების გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც გამოცემა The Insider რუსეთის დაზვერვას უკავშირებს. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა კი აღნიშნა, რომ ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეამცირებს.
იმავე დღეს კოპენჰაგენში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ რეპერ Kyivstoner-ის საქმესთან დაკავშირებით დანიის ბრალდებები მტკიცებულებებით გამყარებული არ არის.