გასულ კვირას სემ ალტმანმა, OpenAI-ს გენერალურმა დირექტორმა, დაადასტურა, რომ კომპანიას ელექტროენერგიის ხარჯი "ათობით მილიონი დოლარით" არის გაზრდილი. მისი აზრით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ადამიანები ChatGPT-სთან საუბარში თავაზიანობას იჩენენ.
სოციალურ პლატფორმა X-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა იეჭვა, რომ ჩვენი თავაზიანობა OpenAI-ს ხარჯებს გაუზრდიდა. პოსტს სემ ალტმანიც მალევე გამოეხმაურა და ეს ეჭვი დაადასტურა.
გამომცემლობა Future-ის მიერ თებერვალში გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკაში AI-ის მომხმარებელთა 67% საუბარში თავაზიანობას იჩენს. ამ ადამიანებიდან თითქმის ყოველი მეხუთე (18%) აცხადებს, რომ ისინი ხელოვნურ ინტელექტს რეგულარულად ეუბნებიან სიტყვებს "გთხოვ" და "მადლობა", რათა თავი დაიცვან AI-ის პოტენციური აღმასვლისა და ადამიანებზე გაბატონებისგან. დანარჩენი 82% ამბობს, რომ თავაზიანია უბრალოდ იმიტომ, რომ ასე მოქცევა მათთვისვეა სასიამოვნო - არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანს ესაუბრება თუ AI-ს.
AI-სთან თავაზიანობა, შესაძლოა, ფუნქციურ მიზანსაც ემსახურებოდეს. კურტის ბივერსმა, Microsoft-ის დიზაინის დირექტორმა, კომპანიის ბლოგში აღნიშნა, რომ "თავაზიანად საუბარი AI-გან უკუკავშირს იწვევს". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ AI-ს თავაზიანად ვესაუბრებით, როგორც წესი, ისიც თავაზიან პასუხებს გვცემს.
ამის მიუხედავად, თავაზიანობას თავისი ფასი აქვს, თანაც საკმაოდ ძვირი. ელექტროენერგიის კვლევითი ინსტიტუტის (EPRI) 2024 წლის მაისის ანგარიშის მიხედვით, ChatGPT-ისთვის შეკითხვის დასმა ან კომენტარის მიწერა ათჯერ მეტ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე იმავეს გაკეთება - Google-ის ჩვეულებრივ საძიებო სისტემაში.
BestBrokers-ის, ფინანსური რჩევების საიტის, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ChatGPT-ს წელიწადში საშუალოდ 1 059 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია სჭირდება, რაც დაახლოებით $139.7 მილიონი დოლარის ხარჯია.
AI-ის ასევე დიდი რაოდენობით წყალი სჭირდება სერვერების გასაცივებლად. კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ChatGPT-ს 100-სიტყვიანი მეილის დასაწერად დაახლოებით 1 408 მილილიტრი (1,408 ლიტრი) წყალი სჭირდება, ხოლო ისეთი მოკლე პასუხისთვის, როგორიცაა - "არაფრის", 40-50 მილილიტრი წყალია საჭირო.