ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის შესახებ წინადადებებს მომავალ კვირას წარადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში განაცხადა.
"სანქციები მუშაობს. ისინი რუსეთის ეკონომიკას ერთჯერად დარტყმას არ აყენებს, მაგრამ მის ფუნდამენტს არყევს", — განაცხადა მან უკრაინის მხარდაჭერის ახალი ინსტრუმენტისადმი მიძღვნილ პრესბრიფინგზე.
ფონ დერ ლაიენის თქმით, მრავალი მაჩვენებელი რუსეთის ეკონომიკის პერსპექტივების გაუარესებასა და სერიოზულ სირთულეებზე მიუთითებს. ახალი პაკეტის კონკრეტული ზომები მას არ დაუსახელებია.
მანამდე ევროკომისიამ პირობა დადო, რომ ახალი სანქციების შესახებ წინადადებებს ევროკავშირის სპეციალურ სამიტამდე წარადგენდა, რომელიც 26-27 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება. ახალი სადამსჯელო ზომები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ჯერ კიდევ უნდა შეათანხმონ.
მანამდე, 16 ნოემბერს, ევროკავშირის საბჭომ გააფართოვა მოქმედი სასანქციო სიები და მათში შეიყვანა რუსული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები, ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები, "ჩრდილოვანი ფლოტის" მომსახურე სტრუქტურები და Wildberries-ის თანადამფუძნებელი ტატიანა კიმი. ცალკეული შეზღუდვები დაწესდა რუსეთის დესტაბილიზაციური საქმიანობის, მათ შორის, დეზინფორმაციული კამპანიების გამო. ეს გადაწყვეტილებები სანქციების ახალ პაკეტს არ წარმოადგენდა.