დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა დაადასტურა რუსეთის ჩარევა 2016 წელს ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის (Brexit) რეფერენდუმში და სხვა ევროპული ქვეყნების მთავრობები, მათ შორის, გერმანია, კრემლის ახალი მცდელობების შესახებ გააფრთხილა, გავლენა მოახდინოს ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ამის შესახებ მან პოდკასტ The Rest Is Politics-ის გამოშვებაში ისაუბრა.
ბერნემის თქმით, თანამდებობის დაკავების შემდეგ მან დაუნინგ-სტრიტზე მდებარე სამთავრობო რეზიდენციაში მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ადგილი რუსეთის ჩარევას ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის რეფერენდუმში. "და მე მივიღე ცალსახა პასუხი: დიახ", — განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა.
რუსეთს ბრიტანულ პოლიტიკაში ჩარევაში ჯერ კიდევ 2016 წლის კენჭისყრის დროს ადანაშაულებდნენ. ბერნემის თქმით, მას შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა "სტაგნაციისა და განხეთქილების ათწლეული" გამოიარა. მან დასძინა, რომ ხალხი არასაკმარისად იყო ინფორმირებული "საზღვარგარეთიდან პოლიტიკურ პროცესში ჩარევის მცდელობების მასშტაბების შესახებ", და გერმანია და საფრანგეთი გააფრთხილა.
"ახლა მნიშვნელოვანია ამ მომენტების მკაფიოდ და ნათლად დაფიქსირება. ვფიქრობ, ეს დაეხმარება ამომრჩევლებს გერმანიასა და საფრანგეთში იმის გაგებაში, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პროცესი მიზანმიმართულად არის ინიციირებული ჩვენი მოწინააღმდეგეების, უპირველეს ყოვლისა კი - რუსეთის მიერ", — განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.
ბერნემმა დასძინა, რომ გასულ კვირას ბერლინში ვიზიტისას მან გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს განუცხადა: "ჩვენ უნდა დაგეხმაროთ, რათა წინ აღუდგეთ მუქარას და, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური ბრძოლის იმ მეთოდებს, რომლებსაც თქვენ წააწყდით".
მერცმა, ბერნემის თქმით, განაცხადა, რომ ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) აშკარად არის დაკავშირებული რუსეთთან" და, მისი ვარაუდით, მისგან დაფინანსებას იღებს. როგორც ბერნემმა დაამატა, მას ასევე აცნობეს, რომ "რუსეთიდან გერმანიაში დეზინფორმაციისა და ყალბი ცნობების ნაკადი მიედინება".
2016 წელს Brexit-ის რეფერენდუმზე ბრიტანელებმა ხმების უმნიშვნელო უმრავლესობით მხარი დაუჭირეს ევროკავშირიდან გასვლას. ამას მოჰყვა პოლიტიკური კრიზისის ხანგრძლივი პერიოდი, საბოლოოდ კი Brexit 2020 წლის დასაწყისში განხორციელდა. ბერნემმა ცოტა ხნის წინ ამ გადაწყვეტილებას "კატასტროფული შეცდომა" უწოდა და არ გამორიცხა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნების შესაძლებლობა.
პარტია AfD, რომლის არაერთი სამხარეო განყოფილება გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების მიერ "დადასტურებულ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციებად" არის აღიარებული, ბოლო დროს რეგიონულ არჩევნებში წარმატებებს აღწევს.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს. გამოკითხვების თანახმად, რეიტინგებში პირველ ადგილს ამჟამად მემარჯვენე პოპულისტი მარინ ლე პენი იკავებს.