სექტემბერში რუსეთმა უკრაინაში დაჭრილებისა და დაღუპულების სახით 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg NATO-ს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.
ამასთან, მისი თქმით, დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ 28 000-მდე შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებს. ანალოგიურ პერიოდში უკრაინულმა მხარემ დაახლოებით 5 000 ადამიანი დაკარგა, აღნიშნეს ალიანსში.
რუსი სამხედროები ცდილობენ, წარმატებას მიაღწიონ შეტევაში ჯარების იმ "სასიკვდილო ზონებში" გაგზავნით, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე გამოიყენება დრონები, სახმელეთო ნაღმები, საარტილერიო ცეცხლი და თავდაცვის სხვა საშუალებები.
გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა მარტინ იაგერმა გასულ კვირას აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებებმა შექმნა დინამიკა, რომელიც ართულებს ფართომასშტაბიანი შეჭრის შეწყვეტის შესაძლებლობას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის პოლიტიკური დანახარჯების გარეშე.
მოსალოდნელია, რომ წელს მოსკოვის სამხედრო ხარჯები 17 ტრილიონ რუბლს (178 მილიარდ ევროს) მიუახლოვდება, რაც დაახლოებით 40%-ით აღემატება საწყის მაჩვენებლებს, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება 2025 წლის ბოლოს აჟღერებდა, წერს Bloomberg.
გაზეთი The Guardian აგვისტოში წერდა, რომ ერთ თვეში რუსეთი 6 000-ით მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე გადაბირებას ახერხებს. ერთ-ერთი დასავლელი ოფიციალური პირის თქმით, რეკრუტირების გაძლიერების ხარჯზე, ბრძოლის ველზე არსებული უზარმაზარი დანაკარგების შევსების შეზღუდული შესაძლებლობები ნაწილობრივ ხსნის რუსეთის ამჟამინდელ ტაქტიკას — უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმების გააქტიურებას.