ჩვენი პლანეტა სულ უფრო დიდი სიჩქარით აგროვებს სითბოს და ეს ტემპები მნიშვნელოვნად აღემატება ნავარაუდევს. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ახალ ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ანტალიაში კლიმატის ცვლილების საკითხებზე გაეროს მორიგი კონფერენციის, COP31-ის დაწყების წინ, წერს The Guardian.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია იტყობინება, რომ დისბალანსმა მზისგან მიღებულ და დედამიწიდან გასულ ენერგიას შორის დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ პლანეტა აკავებს სულ უფრო მეტ ენერგიას, რომელიც ადრე კოსმოსში გადიოდა. "ეს დისბალანსი და სითბოს დაგროვება გამოიწვევს ისეთი ექსტრემალური ამინდის გაძლიერებას, როგორიცაა სიცხის ტალღები, გვალვები და ტროპიკული ციკლონები", - განმარტავენ მეტეოროლოგები.

მოსალოდნელია, რომ 2026 წელი კვლევების დაწყებიდან ოთხ ყველაზე ცხელ წელს შორის მოხვდება, ხოლო 2023-დან 2026 წლამდე პერიოდი ზედიზედ ოთხი ყველაზე ცხელი წელი იქნება. "ოკეანე შთანთქავს სათბურის გაზების მიერ შეკავებული ჭარბი სითბოს 90%-ს და 2026 წელი, სავარაუდოდ, ზედიზედ მეათე წელი გახდება ოკეანის რეკორდულად მაღალი ტემპერატურით", - ხაზგასმულია ანგარიშში. WMO აფრთხილებს, რომ ეს ცვლილებები პრაქტიკულად, შეუქცევადია ასეულობით და ათასობით წლის მასშტაბით.

ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში საშუალო გლობალური ტემპერატურა პრეინდუსტრიულ დონეზე 1,47°C-ით მაღალი აღმოჩნდა. "ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენ საბოლოოდ გადავლახავთ დათბობის 1,5°C-იან ზღვარს 2028 წელს. და რადგან ახლა პლანეტა საგანგებო სიჩქარით თბება - 0,4°C-ით ათწლეულში - მოსალოდნელია, რომ 2°C-იანი ზღვარი მნიშვნელოვნად გადაილახება უკვე 2030-იანი წლების ბოლოს", - განუცხადა ბრიტანულ გამოცემას ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საპატიო პროფესორმა ბილ მაკგუაირმა.

მეცნიერი მიიჩნევს, რომ 21-ე საუკუნის ბოლოსთვის გლობალური ტემპერატურის 2,6-2,8°C-ით მატების გავრცელებული პროგნოზები ახლა შესაძლოა, ზედმეტად ოპტიმისტური აღმოჩნდეს. საკუთარი წვლილი შეიტანა წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში წყლის ზედაპირული ფენის ტემპერატურის მერყეობამაც, რომელიც ცნობილია როგორც ელ-ნინიო, რაც ასევე უწყობს ხელს პლანეტაზე გლობალური ტემპერატურის მატებას. პროგნოზების თანახმად, მისი ამჟამინდელი ფაზა შესაძლოა, ყველაზე ძლიერი აღმოჩნდეს ბოლო ათასი წლის განმავლობაში.