ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) და მემარცხენე-პოპულისტური "კავშირი სოციალური სამართლიანობისა და გონივრული ეკონომიკისთვის" (BSW, ყოფილი "ზარა ვაგენკნეხტის კავშირი"), რომლებიც მიწის არჩევნების შედეგების მიხედვით საქსონია-ანჰალტის ლანდტაგში ერთად ქმნიან უმრავლესობას, უახლოეს მომავალში უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტის შესახებ პირველი ერთობლივი რეზოლუციის მიღებას აპირებენ. ამის შესახებ dpa და Reuters წერს.
დოკუმენტის ავტორები მიწის პარლამენტს მოუწოდებენ, გამოაცხადოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის, ასევე უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და ფინანსური დახმარების მარცხი. ტექსტში ასევე საუბარია, რომ აუცილებელია "ყველა არსებული საშუალების გამოყენება, კერძოდ ბუნდესტაგში შესაბამისი ინიციატივის წარდგენა, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკრაინაში შემდგომი ესკალაცია და გატარდეს მშვიდობის პოლიტიკა". "აუცილებელია დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება", - ციტირებს dpa დოკუმენტს. რეზოლუციის მიზნად ავტორები გერმანიასა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზებას და სანქციების დაუყოვნებლივ გაუქმებას ასახელებენ.
დოკუმენტზე კენჭისყრისთვის პარლამენტის სპეციალური სესიის გამართვა იგეგმება, რომელიც სავარაუდოდ, 14 ოქტომბერს ჩატარდება. ამასთან, დოკუმენტს შეიძლება, მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდეს, რადგან მიწის მთავრობები გერმანიის საგარეო და ენერგეტიკულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელნი არ არიან.
რეზოლუციის პროექტის შესახებ ცნობილი გახდა მეორე დღეს მას შემდეგ, რაც საქსონია-ანჰალტის ლანდტაგში ახალი ხელმძღვანელები აირჩიეს. ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს ტობიას რაუში AfD-დან, მის მოადგილეებად კი - მისივე თანაპარტიელი ჰანს-ტომას ტილშნაიდერი და კარშტენ ბორხერტი "ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირიდან" (CDU).
BSW-ს საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა ტომას შულცემ dpa-სთან კომენტარში განაცხადა, რომ დოკუმენტი პარტიის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებაა. "ჩვენ გვჭირდება პოლიტიკა, რომელიც უფრო მეტს ფიქრობს კიოტენზე (ქალაქი საქსონია-ანჰალტში), ვიდრე კიევზე. ჩვენ აღარ შეგვიძლია საკუთარ თავს ამ ომის უფლება მივცეთ", - სააგენტოს მოჰყავს მისი მოადგილის, კლაუდია ვიტიგის სიტყვები.
ვიტიგმა ასევე აღნიშნა, რომ BSW-მ და AfD-მ სწრაფად მიაღწიეს შეთანხმებას რეზოლუციასთან დაკავშირებით. "ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ AfD-ის ნებისმიერ სხვა წინადადებას", - დასძინა მან. იგი მოელის, რომ სვენ შულცე CDU-დან, რომელიც დეკემბრის არჩევნებამდე ინარჩუნებს საქსონია-ანჰალტის პრემიერ-მინისტრის პოსტს, ბუნდესტაგში AfD-სა და BSW-ს ერთობლივ რეზოლუციას წარადგენს.