უკრაინაში სამშვიდობო დარეგულირების შესახებ ორდღიანი მოლაპარაკებები 10 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში იწყება. რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით მიმდინარეობს. ღონისძიებას ასევე ესწრებიან ევროკავშირის წარმომადგენლები, კერძოდ კი გერმანია და საფრანგეთი.
რუსეთის დელეგაციას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს. სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, რუსეთის მომლაპარაკებელთა გუნდში, სხვებთან ერთად, შედიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები სერგეი რიაბკოვი და მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ორი სამმართველოს წარმომადგენლები იგორ კოსტიუკოვი და იური ჟიგარლოვსკი.
რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინის დელეგაცია ევროკავშირის, NATO-სა და აშშ-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
ამავდროულად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ 10 ნოემბერს, მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა, რომ სამი ევროპული ქვეყნის - გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები უშუალოდ მოლაპარაკებათა დარბაზში იქნებიან. "გაერთიანებული სამეფო, გერმანია და საფრანგეთი ნამდვილად იქნებიან მოლაპარაკებათა დარბაზში", - განაცხადა მან რადიოსადგურ Franceinfo-ს ეთერში.
ამასთან, საფრანგეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხზე რუსეთთან არანაირი მოლაპარაკება არ შეიძლება წარიმართოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და მშვიდობის დამყარების შეთანხმებამდე, იუწყება სააგენტო Reuters.
ელისეს სასახლემ 10 ნოემბერს დილით განაცხადა, რომ აბუ-დაბიში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებს საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, ევროკავშირისა და NATO-ს წარმომადგენლები დაესწრებიან.
მოლაპარაკებების დაწყების წინა დღეს, 9 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ის საკუთარ მიკრობლოგში დაწერა, რომ ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად ამ მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი იქნება. კონკრეტულად რა როლი ენიჭებათ ევროკავშირის წარმომადგენლებს აბუ-დაბიში რუსეთისა და უკრაინის შეხვედრაზე, უცნობია. მანამდე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მოლაპარაკებები სამმხრივია.