ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყიფშიძის N6-ში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე, ტერიტორიაზე დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი მოხდა, შემდეგ ჩატარდა მიწის სამუშაო, დაიგო ფილები, მოეწყო ბორდიური, განათების ქსელი და დამონტაჟდა განათების ბოძები. ამჟამად, სკვერში საბავშვო მოედანი ეწყობა, რომელზეც განთავსდება ატრაქციონები, შემდეგ კი, კაუჩუკის საფარი დაიგება. გარდა ამისა, სკვერში დამონტაჟდება ე.წ წყლის „სოკო“, სკამები-საქანელები, დასასვენებელი პავილიონი, მოეწყობა ღობე. პროექტის დასკვნით ეტაპზე, სკვერი გამწვანდება. მოსახლეობის თხოვნითა და საბიუჯეტო რესურსის გათვალისწინებით, წელს, დასასვენებელი, გამწვანებული სივრცე ვაკის რაიონის 9 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა.

კერძოდ, თხინვალაში სრულიად ახალი რეკრეაციული სივრცე შეიქმნა, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქვა, დასასვენებელი და სპორტული სივრცე რეაბილიტირდა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის N 47-49-ში, ახალი კომბინირებული სივრცე, ასევე, მოეწყო წყნეთის გზატკეცილი N49-ს მიმდებარედ, სადაც საბავშვო მოედანი, სტადიონი და სატრენაჟორო ზონა განთავსდა, ორი ახალი სკვერი კეთილმოეწყო ნაწილობრივ ფარეხების ნაცვლად ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N14-N15 კორპუსებთან და ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N19 კორპუსის მიმდებარედ.

გარდა ამისა, პატარა დასასვენებელი სივრცეები ქობულეთისა და მცხეთის ქუჩების კვეთაზე, ლორთქიფანიძის N34ა-ს მიმდებარედ, ჭავჭავაძის N37-ის მიმდებარედ განთავსდა. ჭავჭავაძის გამზირის N83-ის მიმდებარედ კი, ტერიტორია მოპირკეთდა ფილებით, დამონტაჟდა საპარკე ინფრასტრუქტურა. ამავე მისამართზე მოეწყო სპორტული მოედანი. დასასვენებელი სივრცეების მოსაწყობად გამგეობის ბიუჯეტიდან 1 398 400 ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, 38 მისამართზე სკვერების ფრაგმენტული შეკეთების სამუშაო ჩატარდა.