ვაკის რაიონის გამგეობა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. ადგილობრივი მოსახლეობის მომართვის საფუძველზე, სახლების სახურავების რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს, რამდენიმეზე კი სამუშაო უკვე დასრულებულია. მათ შორის, ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის N2 კორპუსში გადახურვის პროცესი განხორციელდა, ნუცუბიძის I მიკრორაიონის N13 კორპუსის და ყაზბეგის N43ა-ს ტერიტორიებზე კი, დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ყახბეგის N43ა-ში, ასევე, წყალსაწრეტი მილების მონტაჟია გათვალისწინებული.

სულ, მიმდინარე წელს, მრავალბინიანი სახლების ბრტყელი და ქანობიანი სახურავების რეაბილიტაცია 33 მისამართზე, წყალსაწრეტი მილების მონტაჟი კი 17 მისამართზე შესრულდა.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5%-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.

ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.