საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 9 ნოემბერს №523 დადგენილებით „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი“ დაამტკიცა. 

ძალადობის მსხვერპლი უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან, თუ მის მიმართ, ჩადენილი დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანი მოძალადის მიერ არ ანაზღაურდა. კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებით. მის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.


„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესზე“ იმუშავა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ტექნიკური მხარდაჭერით და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა (საქართველოს მთავრობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და სხვა) და ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.


წესი ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მსხვერპლზე, რომელმაც დანაშაულის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, აგრეთვე ამ დანაშაულის შედეგად გარდაცვლილი მსხვერპლის დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არასრულწლოვან შვილ(ებ)ზე, იმ შემთხვევაში თუ ამ დანაშაულის ჩამდენია მსხვერპლის არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი, კომპენსაცია მათზე არ გაიცემა.


მსხვერპლს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურების შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში, ხოლო არასრულწლოვან მსხვერპლს - როგორც არასრულწლოვანების პერიოდში, ასევე სრულწლოვანების მიღწევიდან სამი წლის განმავლობაში.
ინფორმაციისთვის, საქართველომ 2017 წელს მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) რატიფიცირება.

კონვენციის 30-ე მუხლში მოყვანილი ვალდებულებები ასახულია საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით, 2023 წლის 1 იანვრამდე, უნდა დაემტკიცებინა მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა და მისი გაცემის წესი.
UN Women Georgia