ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე 37 სახურავის და წყალსაწრეტი მილის განახლების პროექტი დაფინანსდა.
პროექტები მოსახლეობის განაცხადების საფუძველზე ხორციელდება. საუბარია მრავალბინიანი კორპუსების ქანობიან და ბრტყელ სახურავებზე. საერთო ჯამში, აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტების განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 710 000 ლარი გამოიყო.
კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე, ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.