კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარე წელს 11 კომბინირებული დასასვენებელი სივრცე მოეწყო. მათ შორის, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და ხელშეწყობის მიზნით, ოთხ მისამართზე სპორტული მოედანი მოეწყო.
სტადიონები და სკვერები აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, დამონტაჟებულია საპარკო ავეჯი, განათების და სარწყავი ქსელები, საბავშვო-გასართობი მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სპორტული აქტივობების მოყვარულთათვის კი ფიტნეს-ზონები. გარდა ამისა, პროექტების მეორე ეტაპზე სკვერებში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. სულ, მიმდინარე წელს, გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში 1213 ხე-მცენარე დაირგო.