„აპრილის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.2% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8.3%-ს გაუტოლდა. საქართველოს მთავრობა მუშაობას აგრძელებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მიმდინარე წლის აპრილის, ასევე პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეფასებისას.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2026 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა  დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, განათლების, ჯანდაცვის, ვაჭრობის და საფინანსო-სადაზღვევო სექტორებმა. ამასთან, როგორც ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული ტენდენციები, სადაც ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება,  კერძოდ: ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა და 2,439.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ადგილობრივი ექსპორტის ზრდა კი 73.5%-ს გაუტოლდა და 1,551.0 მილიონი აშშ დოლარს მიაღწია.

 „საქართველოს მთავრობა მუშაობას აგრძელებს არსებული, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნების კუთხით, რაც სამუშაო ადგილების შექმნის ბუნებრივი გზაა. ამ მიმართულებით არაერთი სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მუშაობს, მათ შორის, აღსანიშნავია მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ მიმართული სახელწიფო პროგრამები, რომლებიც დღესდღეობით უკვე დახვეწილ ფორმაში, ახალ შინაარსს იძენს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

 გარდა ამისა, ვახტანგ ცინცაძე ეკონომიკური ზრდის არსებული მონაცემების შეჯამებისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონკურენტული უპირატესობა აქვს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მათ შორის - საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან. ამასთან, მისი შეფასებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია, საქართველო მიმზიდველია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის.

 „ყოველივე ზემოაღნიშნულს განაპირობებს საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ფისკალური დისციპლინა, სწორი მონეტარული პოლიტიკა და ზოგადად, საფინანსო სექტორის სიჯანსაღე, რასაც არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი თუ  სარეიტინგო კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს თავის შეფასებებში. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რაც საქართველოს ეკონომიკაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა, გაგრძელდება როგორც 2026 წელს, ასევე მომდევნო წლებში და საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით  გამორჩეული იქნება არამხოლოდ რეგიონის, არამედ გლობალური მასშტაბით“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.