გასული წლის მონაცემებით, მაღალი, 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა - 2025 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში სიღარიბის დონე 2.3 პუნქტით შემცირდა და 7.1% შეადგინა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას.
2025 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია როგორც სოფლად, ასევე ქალაქად, ქვეყნის მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
„რა თქმა უნდა, აღნიშნული განპირობებულია იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელიც უზრუნველყოფს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავი დააღწიონ სიღარიბეს“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2025 წელს ასევე შემცირდა ფარდობითი სიღარიბე. გასულ წელს მედიანური მოხმარების 60%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.3% შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 5.2%-ს გაუტოლდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია ცხადყოფს, რომ შემოსავლებისა და მოხმარების გაუმჯობესება შეეხო არა მხოლოდ მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, არამედ უფრო ფართო დაბალშემოსავლიან მოსახლეობასაც.
„ინკლუზიური ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა არის სწორედ ის გზა, რომელიც ბუნებრივად უზრუნველყოფს დასაქმების ზრდას და სიღარიბის შემცირებას, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით აგრძელებს აქტიურ მუშაობას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

