ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობის ფარგლებში, შროშის N6-ში და ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის N5-ში ამორტიზებული ლიფტები ახლებით ჩანაცვლდა. სულ, მიმდინარე წელს 100 ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 3 792 000 ლარი დაიხარჯა.
პროექტები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ მიხედვით განხორციელდა. შესრულებულ სამუშაოს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, პარლამენტის წევრ, ვაკის რაიონის დელეგატ ზურაბ რურუასთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან ალექსანდრე ასათიანთან და ბექა გელენავასთან ერთად გაეცნო. კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე, ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.

