2023 წლიდან „სოკარი“ ევრო 5 სტანდარტის დიზელის იმპორტირებას იწყებს. უმაღლესი ხარისხის საწვავი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვა. ბაქოში არსებული დიზელის ქარხანა დიდი ხნის განმავლობაში გადაიარაღების პროცესში იყო, რომელიც უკვე ფაქტიურად დასრულების ეტაპზეა და ქარხანა მზადაა გაზაფხულიდან ევრო 5 სტანდარტის დიზელი აწარმოოს.

აქამდე „სოკარის“ წილი დიზელის იმპორტში 40% მდე იყო, რაც 2022 წელს ქარხნის გადაიარაღების გამო დროებით შემცირდა. მიმდინარე წელს კი მოსალოდნელია რომ ეს წილი „სოკარმა“ კვლავ აღიდგინოს. ეს ნიშნავს იმას, რომ რიგითი მომხმარებლისთვის და კორპორატიული კლიენტებისთვის გაჩნდება შესაძლებლობა, მიიღონ უმაღლესი ხარისხის ევრო 5 ტიპის დიზელი შედარებით დაბალ ფასად. დაბალ ფასს განაპირობებს მეზობელი ქვეყნის გეოგრაფიული სიახლოვე, გამარტივებული ლოჯისტიკური ჯაჭვი, ტრანსპორტირების დროის სიმცირე და თავად იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულება.

წლების განმავლობაში, „სოკარის“ ყველა ტიპის ბენზინი და ევრო დიზელი ევრო 5 სტანდარტს აკმაყოფილებდა, თუმცა, პორტფელში ასევე იყო აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ევრო 4 ტიპის დიზელი, რომელიც ადგილობრივ ქსელში შედარებით დაბალ ფასად იყიდებოდა.

საქართველოს გარდა, „სოკარი“ ოპერირებს ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორიცაა შვეიცარია, ავსტრია, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი. აღნიშნულ ქვეყნებში, „სოკარს“ შეაქვს უმაღლესი ხარისხის საწვავი „ნანო“ დანამატით, რომლითაც პეტრო-ქიმიკატების მწარმოებელი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია “BASF SE” ამარაგებს. BASF-ში 111 ათასი ადამიანია დასაქმებული და გასულ წელს მისი ბრუნვა 78,6 მილიარდი ევრო იყო.