8 ოქტომბერს, 11:00 საათზე „ევროპა დონა საქართველოს“ ორგანიზებითა და ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიის ფარგლებში თბილისში თავისუფლების მოედანზე ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტთა მხარდასაჭერად ცოცხალი ჯაჭვის აქცია მოეწყობა. პაციენტებისა და მხარდამჭერების სურვილია, საზოგადოების თითოეულ წევრსა და შესაბამის სტრუქტურებს მიაწვდინონ მნიშვნელოვანი გზავნილი: #ნუგანგვასხვავებთ - თანაბარი ხელმისაწვდომობა და უწყვეტი მკურნალობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში.

ცოცხალი ჯაჭვის მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობადობის ამაღლება მძიმე დაავადების - ძუძუს კიბოს შესახებ, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანაბარი ხელმისაწვდომობა თბილისსა თუ რეგიონებში. გავრცელდეს ინფორმაცია რეგულარული თვითშემოწმების და კიბოს სკრინინგის აუცილებლობის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობა თავისუფალია - ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს ცოცხალ ჯაჭვში და ამ ფორმით მხარი დაუჭიროს ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს: შემოგვიერთდით  „ყველაფერი ჩვენს ხელშია“.

„ვარდისფერი კამპანიის“ მხარდამჭერია თბილისის საკრებულოს გენდერული საბჭო და ეროვნული სკრინინგ ცენტრი. 

ცოცხალ ჯაჭვში ასევე მონაწილეობენ პაციენტები, ექიმები, მხარდაჭერი კომპანიების წარმომადგენლები და მედია, რომლებიც  კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოებას, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. 

„ძალიან გაახალგაზრდავდა ჩვენი დაავადება სამწუხაროდ გვყავს 22, 24, 26, 29   წლის  პაციენტები, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩატარდეს ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლება, ამ საკითხის შესახებ რაც შეიძლება ხშირად დავაფიქროთ საზოგადოება, რათა დროულად მიმართონ ექიმს, დროზე აღმოჩენილი პრობლემა ხომ გაცილებით მარტივად მოგვარებადია. ცოცხალი ჯაჭვითა და ერთად დგომით  ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსმევთ ხაზს მკურნალობის ხელმისაწვდომობას, დროულ დიაგნოსტიკის აუცილებლობასა და ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას. საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1400-ზე მეტი  ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ სენისგან წელიწადში 900-ზე მეტი ქალი იღუპება. ეს არის 900 ოჯახის ტრაგედია და სამწუხაროდ ეს რიცხვი ყოველწლიურად იმატებს,“ - აღნიშნავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი. 

ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისას, 10-დან 8 შემთხვევაში დაავადება განკურნებადია.„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ასე უწოდებენ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვეს და დაავადებას სხვადასხვა აქტივობებით მსოფლიო ეხმიანება. სხვადასხვა ქალაქებში მუნიციპალიტეტების შენობები ვარდისფრად ნათდება , კომპანიები აქტიურად ერთვებიან პაციენტთა მხარდამჭერ მოძრაობაში , სპეციალური ფასდაკლებები ეძღვნება  ოქტომბრის აქტივობას და  უამრავი ბიზნესი ამ დროს აქტიურ მონაწილეობას იღებს პაციენტების დასახმარებლად. 

„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ამ სახელწოდებით ცნობილ კამპანიაში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საქართველო უკვე არაერთი წელია ჩართულია. კამპანია მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობადობის გაზრდას და იმის ჩვენებას, რომ კიბო განაჩენი არ არის და რომ მისი დამარცხება შესაძლებელია. წელს, თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა.