თბილისი ცენტრალის ადმინისტრაციის განცხადება.

" მიმდინარე წლის 30 აპრილს, დაახლოებით დილის 6 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ,  ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად დაიწვა დაახლოებით 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე.

აღნიშნული ტერიტორია  49 წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს ს.ს "თბილისი ცენტრალს" საქართველოს რკინიგზისგან. არსებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, ამ ტერიტორიაზე ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა შპს "ბაქანი".

ხანძრის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიიღეს შპს “ბაქანმა” და მათ მიერ დასაქმებული 300-ზე მეტმა მოვაჭრემ, ს.ს “თბილისი ცენტალმა” და მისმა სხვა მოიჯარეებმა, რომლებმაც ერთობლივად რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს აღნიშნული ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობაში.
 მიღებული მნიშვნელოვანი ზარალის მიუხედავად, ს.ს "თბილისი ცენტრალი" მზად არის უმოკლეს ვადებში მოამზადოს ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მსგავსი სივრცეების ოპერირების თანამედროვე ნორმებსა და მოთხოვნებთან.

ამავდროულად ს.ს "თბილისი ცენტრალს" გააჩნია ყველანაირი საჭირო რესურსი, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ოპერატიული თანხმობის მიღებისთანავე, განახორციელოს საჭირო ინვესტიცია სავაჭრო სივრცის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის, რაც საშულებას მისცემს დაზარალებულ მოიჯარეებს განაახლონ კომერციული საქმიანობა კიდევ უფრო დაცულ და უსაფრთხო გარემოში.

ვითვალისწინებთ რა დაზარალებული მოვაჭრეების მდგომარეობას, ამ სავაჭრო სივრცის ოპერატორთან ერთად ვიხმართ ყველა ღონეს,  რომ მათ შევთავაზოთ კომერციული საქმიანობის განახლების შეღავათიანი პირობები და ხელი შევუწყოთ დაუბრუნდნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმს." - ნათქვამია თბიულისი ცენტრალის გავრცელებულ განცხაებაში.