„2022 წლიდან მოყოლებული, ჩვენ თვალს ვადევნებთ, თუ როგორ იზრდება მოთხოვნა „შუა დერეფანზე“, და ეს მზარდი მოთხოვნა ადასტურებს მისი, როგორც აზიასა და ევროპას შორის არსებული სტრატეგიული დამაკავშირებელი ხიდის მნიშვნელობას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში ახალი აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც სტრატეგიული ჰაბის როლს, რომელიც შუა დერეფანს შავი ზღვის აუზსა და ევროპულ ბაზრებთან აერთიანებს.

„მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევა ხაზს უსვამს ამ დერეფნის პოტენციალს და ვარაუდობს, რომ კოორდინირებულმა ინვესტიციებმა და რეფორმებმა შესაძლოა დერეფნის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) საშუალოდ 3,3%-ით გაზარდოს და 2040 წლისთვის დამატებით ორ მილიონამდე სამუშაო ადგილი შექმნას. თუმცა, ამ პოტენციალის რეალიზება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტურად ვითანამშრომლებთ. აუცილებელია ინფრასტრუქტურული ინვესტიციების კოორდინაცია, გამტარუნარიანობის შეთანხმება და ოპერაციების გაუმჯობესება მთელი დერეფნის მასშტაბით. ერთ ქვეყანაში სიმძლავრეების გაფართოებას შეზღუდული ეფექტი ექნება, თუ სხვა მონაკვეთებზე შემაფერხებელი ბარიერები შენარჩუნდება. საქართველო წარმოადგენს სტრატეგიულ კარიბჭეს, რომელიც შუა დერეფანს შავ ზღვასა და ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა. 

მისივე თქმით, შუა დერეფანი უნდა გარდაიქმნას უფრო ფართო ეკონომიკურ დერეფნად, რომელიც მთელ რეგიონში ხელს შეუწყობს ვაჭრობას, მოიზიდავს ინვესტიციებს და ახალ შესაძლებლობებს შექმნის. 

„საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ყაზახეთთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან, რათა შუა დერეფანმა იფუნქციონიროს, როგორც ერთიანმა, ეფექტიანმა და კონკურენტუნარიანმა სისტემამ“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.