"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რკინიგზის სექტორის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა, რადგან ჩვენ მას ვუყურებთ როგორც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემის საკვანძო ელემენტს. სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზამ 2026–2028 წლების განვითარების ამბიციური გეგმა შეიმუშავა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რკინიგზის განვითარების გეგმის ფარგლებში, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ახალი ლოკომოტივების შესყიდვა მოხდება - 50-მდე ახალი ლოკომოტივის შესაძენად მთავრობა დაახლოებით 1 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავს. 

„შედეგად, გაიზრდება სისწრაფე, საიმედოობა და ქვეყნის ტრანზიტული შესაძლებლობები. ამასთან, შევისყიდით 1,500 ახალ ვაგონს და  თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს დავნერგავთ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საოპერაციო პროცესებს და პრაქტიკულად,  გააორმაგებს რკინიგზის გამტარუნარიანობას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, თამარ იოსელიანის განცხადებით, 2026 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამგზავრო მიმართულებასაც, რაც საერთო ჯამში, საქართველოს რკინიგზას თანამედროვე, ეფექტიან და ახალი შესაძლებლობებით აღჭურვილ სისტემად აქცევს. 

„მოდერნიზებული, თანამედროვე რკინიგზა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც  რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის პოზიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს კონკურენტუნარიანობას“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.