აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა ცხოველური წარმოშობის სურსათზე. სურსათის ეროვნული სააგენტო კვერცხის ადგილობრივი წარმოებების, იმპორტიორების, საბითუმო, მსხვილი და მცირე სავაჭრო ობიექტების, საკონდიტრო საცხობების კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. მოწმდება შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადები, წარმოების პროცესი და ეტიკეტირების შესაბამისობა კანონმდებლობასთან.
"სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, მნიშვნელოვანია მომხმარებლის ჩართულობა. მას აქვს უფლება, ფლობდეს უტყუარ და ამომწურავ ინფორმაციას სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული სურსათის შესახებ.
ხორცის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ:
· შენახვისა და განთავსების პირობებს - ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით - 2-დან 6-გრადუსამდე, შენახვის ვადაა 48 საათი;
· ხორცს არ უნდა ჰქონდეს მუქი წითელი შეფერილობა. ხბოს, ღორისა და ცხვრის ხორცი უნდა იყოს ვარდისფერი;
· ქონი უნდა იყოს მოყვითალო, ერთგვაროვანი;
· ხორცის ზედაპირი უნდა იყოს მშრალი და ზედაპირზე თითის დაჭერისას ნაჭდევი არ უნდა დარჩეს;
· ხორცს არ უნდა ჰქონდეს მუქი ლაქები, გარქოვანებული ნაწილები და ლორწო;
· ნუ შეიძენთ ხორცს ისეთ ადგილას, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის პირობები!
გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
· ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი;
· თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან ("წარმოშობა − საქართველო"), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
· თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
· სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორციც;
· ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც ინახება სურსათი.
კვერცხის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვარგისიანობის ვადას, ეტიკეტს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს კვერცხის წარმოშობის ქვეყნის დასახელება და წარმოების თარიღი.
გაითვალისწინეთ - ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს მალფუჭებადი სურსათის - ხორცის, თევზის, კვერცხის, რძის პროდუქტების შეძენისაგან არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები." - ნათქვამია სესის გავრცელებულ ინფორმაციაში.

