„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აგრძელებს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა და მომავალი თაობების მხარდაჭერას. კომპანიამ ოფიციალურად გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობა საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps საქართველოსთან, რომელიც 2000 წლიდან აქტიურად მუშაობს რეგიონებში უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემოს შესაქმნელად. ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში, მხარეები ერთობლივად განახორციელებენ პროექტს - „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE), რაც მომავალი სამი წლის განმავლობაში რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნასა და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის განხორციელებას, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან“ ერთად, მხარს უჭერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი (SCAPP).
აღნიშნული პარტნიორობა პირდაპირ ეფუძნება „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სტრატეგიას. კომპანიის პრიორიტეტი ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი პროფესიული განვითარება და ეკონომიკური გაძლიერებაა. „სოკარის“ ხედვით, რეგიონებში მცხოვრები მომავალი თაობის გაძლიერება და მეწარმეობის ხელშეწყობა ქვეყნის მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია. სწორედ ეს ღირებულებები გახდა Mercy Corps საქართველოსთან თანამშრომლობის მთავარი მოტივატორი.
პროექტი, რომელიც „ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის“ (International Partnerships Austira) დაფინანსებით ხორციელდება, მიზნად ისახავს დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზებასა და ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდაჭერას ქვეყნის ოთხ რეგიონში, 21 მუნიციპალიტეტში. ერთობლივი ძალისხმევით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება:
• 65 ახალგაზრდა მეწარმის პირდაპირი დაფინანსება;
• მასშტაბური ტრენინგებისა და მენტორობის პროგრამები;
• ინდივიდუალური საკონსულტაციო მხარდაჭერა;
• სტრატეგიული ქვე-პროექტების განხორციელება და განვითარება.
„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისთვის“ გადამწყვეტია პროექტის ხელშესახები ეფექტი, რაც RDYE-ის პირველმა ფაზამ უკვე დაადასტურა: დაფინანსდა 60 საწარმო, შეიქმნა 33 ახალი პროდუქტი და დასაქმდა 219 ადამიანი (მათ შორის 75 ქალი მენეჯერულ პოზიციაზე). განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ დაფინანსებული საწარმოებიდან 14 უკვე გასცდა მშობლიური რეგიონის ფარგლებს, ხოლო 6 მათგანი საერთაშორისო ბაზარზეც ოპერირებს.
ინიციატივის მეორე ფაზა, რომელიც 2025 წლის ოქტომბრიდან 2028 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება, სრულად დაფარავს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებს. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს იმ ინიციატივებს, რომლებიც ქმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს რეგიონებში და უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად სოციალურ წინსვლას.

