სილქნეტის მიერ დაფუძნებულმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 2024 წელს ჯანმრთელობის, განათლებისა და ადაპტაციის საკითხებში უპრეცედენტო თანხა - 1 097 000 ლარი მოახმარა დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს, ვეტერანებსა და მათ ოჯახებს. სილქნეტის მიერ ფონდში შეტანილმა თანხამ წელს 781 000 ლარი შეადგინა, ხოლო სხვა შემომწირველებისგან ფონდში 316 000 ლარი ჩაირიცხა. ფონდმა განსაკუთრებულად ნაყოფიერად ითანამშრომლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. ფონდისა და სამინისტროს მიერ ერთობლივად განხორციელებულია 1 070 000 ლარის თანადაფინანსება. სრულად, წელს ფონდმა სილქნეტთან, სხვა შემომწირველებთან და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად დაჭრილი მებრძოლების საჭიროებებს 1 612 000 ლარი მოახმარა.
2024 წელს 110 ბენეფიციარს გაეწია დახმარება, მათ შორის, დაჭრილ სამხედროებს, მათ მეუღლეებსა და არასრულწლოვან შვილებს. დაფინანსდა შემდეგი კატეგორიები:
9 ოპერაცია - 187 771 ლარი
10 მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 40 004 ლარი
17 ბენეფიციარის 50%-იანი თანადაფინანსება - 533 571 ლარი
16 არასრულწლოვანი შვილის დაფინანსება - 30 522 ლარი
14 ბენეფიციარის მეუღლეების დაფინანსება - 26 044 ლარი
27 სამედიცინო მომსახურება და კვლევები - 192 132 ლარი
9 სამედიცინო ინვენტარის შეძენა და ადაპტაცია - 19 202 ლარი
5 სასწავლო კურსის დაფინანსება - 7 126 ლარი
4 რეაბილიტაციის კურსი და სხვა - 38 349 ლარი
განვლილი წელი მხარდამჭერთა და შემომწირველთა განსაკუთრებული გვერდში დგომითაც გამოირჩეოდა. ფონდის შემომწირველთა სია ყოველწლიურად მატულობს. არიან ტრადიციული შემომწირველებიც, რომლებიც ყოველ წელს ახორციელებენ დონაციებს ფონდში (ფონდის შემომწირველები).
მედია ჰოლდინგმა „პალიტრამ“ საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა სრულად ფონდში ჩარიცხა.
დიდი ბრიტანეთის საელჩომ ფონდის მხარდასაჭერად დაჭრილ მებრძოლთა არასრულწლოვანი შვილებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები დააფინანსა. საელჩოს მხრიდან ეს მხარდაჭერა უკვე მესამე წელია ხორციელდება, რომელიც 2025 წელსაც გაგრძელდება.
წეროვანში 30 ივნისს გამართულ დაჭრილ მებრძოლთა კვირეულის გახსნას ფონდის გენერალური დირექტორი, დავით მამულაიშვილი დაესწრო. მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ფონდი მიმდინარე წელს განსაკუთრებით აქტიურად თანამშრომლობდა თავდაცვის სამინისტროსთან, აღნიშნა უპრეცედენტოდ მაღალი თანადაფინანსებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციამ სექტემბერში ფონდის მხარდასაჭერად მეორე საქველმოქმედო გარბენი ჩაატარა. გარბენისთვის მზადებას ლიეტუვის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშეები უძღვებოდნენ. ღონისძიების ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიტანა. ღონისძიებამ წელს კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღო და ტრადიციად ჩამოყალიბდა. საქველმოქმედო გარბენში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის სამხედრო მოსამსახურეებმა და დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა. მარათონს, ასევე, თავდაცვის მოხალისე ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათი მეგობრები და ოჯახის წევრები შეუერთდნენ.
„ამ ყოველწლიურ მარათონში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად მონაწილეობენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამხედრო ატაშეები და სამხედრო პირები. ძალიან დასაფასებელია, რომ ამერიკის და ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა გრძელდება და ხაზი ესმება, თუ როგორ პატივს სცემენ ჩვენს მებრძოლებს. რა შეიძლება, იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, რომ გახსოვდეს შენი მებრძოლები და პატივს სცემდე მათ“, - აღნიშნა ფონდის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.
გრძელდება თანამშრომლობა ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-თან. ბრიტანული ფონდის მიერ მიღებული გრანტით გასულ წელს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ მჯდომარე კალათბურთის ეტლები შეიძინა საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის. ქართველი დაჭრილი მეომრები ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ ძლიერთა თამაშებში, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ბრიტანული ფონდმა - Invictus Games Foundation - წელსაც გააგრძელა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან“ თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც ქართულ ფონდს მეორედ გადასცემს გრანტს. ამ გრანტით ფონდი შეიძენს პარა-მშვილდოსნობის ინვენტარს საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის.
ფონდი მადლობას უხდის ყველა შემომწირველსა და მხარდამჭერს განსაკუთრებით ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის 2024 წლის განმავლობაში.