საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამედროვე ტექნოლოგიები. შეღავათიანი აგროსესხით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატის (აგროდრონი) და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის მეტეო სადგურის შეძენა.

შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალების კომპონენტში, დაინტერესებულ ფერმერებს შეუძლიათ ისეთი აგროდრონების შეძენა, რომლებსაც ექნებათ  შესხურების, ასევე  აგრონომიული დანიშნულებით სკანირების ფუნქცია.  სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი 20,000 ლარიდან - 1,500,000 ლარამდეა. იგივე პირობა მოქმედებს მეტეო სადგურების მოწყობის შემთხვევაში.  ფერმერები  საკუთარ მეურნეობებში მეტეო სადგურის მეშვეობით შეძლებენ კლიმატის პროგნოზირებას, მავნებლებისა და დაავადებებისგან გამოწვეული საფრთხეების პრევენციას, ასევე, სხვადასხვა აგრო სამუშაოების დასაგეგმად საჭირო მონაცემების შეგროვებას.

 

სოფლის მეურნეობაში თანამედროვე გამოწვევების გადასალახად,  გონივრული სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენება მეტად აქტუალური ხდება, რათა უფრო მეტი შედეგის მიღება გახდეს შესაძლებელი, გაიზარდოს პროდუქტიულობა, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი კუთხით, ნაკლები დანახარჯების გაწევით. აღნიშნული მიდგომების გამოყენებით, შესაძლებელი ხდება  საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყოს მეტად კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე; სოფლის მეურნეობის სექტორში შეიქმნას მეტი შემოსავალი და დარგის განვითარების პროცესი მდგრადობის პრინციპებზე იყოს  დაფუძნებული.