საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სერბეთის პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დახვდა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, აღნიშნულ ვიზიტს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ისტორიული ვიზიტი, რადგან სერბეთის პრეზიდენტი პირველად სტუმრობს საქართველოს.

 „სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტს ექნება უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით, რადგან ვიზიტის ფარგლებში ასევე იქნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ლიდერების. ვიზიტის მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იკვეთება იმ პროცესში, როდესაც საქართველოს აქვს მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სერბეთთან, რომელიც გულისხმობს, ქვეყნებს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

 

მინდა აღვნიშნო, რომ ამ შეთანხმებას ექნება უდიდესი მნიშვნელობა ორივე ქვეყნისთვის, გაიზრდება სავაჭრო ბრუნვა და ასევე განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს სერბეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების დროს. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომ ასეთ მოკლე დროში ორი სახელმწიფო გააფორმებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, გაზრდის საქართველოდან ექსპორტს, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.