სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო.
ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს.
კომისიის ცნობით, სემეკ-ის შემსწავლელ ჯგუფს მიენიჭა შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა და შესაბამის ინფორმაციებზე.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, საჯარო სხდომაზე განიხილა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიიღო გადაწყვეტილება 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შესახებ.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის შესწავლის ფარგლებში, სემეკ-ის შემსწავლელ ჯგუფს მიენიჭა შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა და შესაბამის ინფორმაციებზე.
მიმდინარე წლის 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება“, – ნათქვამია სემეკ-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.