ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრესა ავრცელებს.

საქართველოსთან საბორნე მიმოსვლა ივლისში აღდგება. პირველი რეისი ჩერნომორსკიდან (ოდესის ოლქი) ბათუმის მიმართულებით 9 ივლისს არის დაგეგმილი.

ბორნის ორ სატვირთო გემბანზე ერთდროულად შეიძლება განთავსდეს 49 სარკინიგზო ვაგონი და 50 მძიმეწონიანი მანქანა, ხოლო ყველანაირი კომფორტის მქონე სხვადასხვა კლასის კაიუტებში განთავსებულ 250 მგზავრი რესტორნით, ლაუნჯით და საბავშვო კუთხით სარგებლობას შეძლებს.

შავ ზღვაში საბორნე გადაზიდვებზე სპეციალიზირებულ უკრაინული კომპანია „Ukrferry"-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რეისები შედგება ჩერნომორსკიდან 9, 16, 23 და 30 ივლისს, ხოლო საპირისპირო მიმართულებით - 13, 20 და 27 ივლისს.

საბორნე მიმოსვლას განახორციელებს საავტომობილო/სარკინიგზო/სამგზავრო გემი „კაუნასი", რომელიც 1989 წელს აიგო გერმანიაში. გემის მნიშვნელოვანი ზომები - სიგრძე 190 მ-ზე მეტი და სიგანე 28 მ - შესაძლებელს ხდის მინიმუმამდე დაიყვანოს რწევა ქარიშხლის პირობებშიც კი, - წერს უკრაინის პრესა და იქვე მკითხველს შეახსენებს, რომ მაისში უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, უკრაინა აზერბაიჯანული ტვირთის საბორნე გადაზიდვის აღდგენის თაობაზე მოლაპარაკების ბოლო ეტაპზეა, რაც, ცხადია, იმას ნიშნავს, რომ ტვირთი აზერბაიჯანიდან სარკინიგზო გზით გადაიგზავნება ფოთამდე, იქიდან კი ჩერნომორსკის პორტამდე.