საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, ენერგეტიკულ სექტორში მთავრობათაშორისი ყოვლისმომცველი სტრატეგიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა. ამით ორი ქვეყნის თანამშრომლობა ახალი მნიშვნელოვანი განვითარების ეტაპზე გადავიდა და ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. ხელმოწერილი პაკეტის თანახმად, ორი ქვეყანა 20 წლიან პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე შეთანხმდა, რომლებიც 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. მთავრობათაშორისი შეთანხმებების პაკეტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა მოაწერეს.
ხელმოწერას წინ უძღოდა მრავალთვიანი მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც წარმატებით დასრულდა. სამომავლო ხელშეკრულებების ძირითად პირობებზე გაფორმებული შეთანხმებები ქმნის მყარ სამართლებრივ ჩარჩოს მომდევნო 20 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ენერგეტიკული თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
სტრატეგიული თვალსაზრისით, მიღწეული ისტორიული შეთანხმებები გააძლიერებს საქართველო - აზერბაიჯანის ეკონომიკურ კავშირებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაში. პროექტი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს პოზიციებს, როგორც ელექტროენერგიის ძირითადი სატრანზიტო ქვეყნისა და მწვანე ენერგეტიკული ჰაბის საერთაშორისო დონეზე.
საქართველოს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, აზერბაიჯანი შეძლებს თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის რეგულარულ და მასშტაბურ ტრანზიტს, რაც საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ფართო რეგიონულ კონტექსტში კიდევ უფრო ზრდის.
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, ასევე ხელი მოეწერა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისა და ტრანზიტის გადახრების შეთანხმებების ძირითად პირობებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის. ასევე გაფორმდა ელექტროენერგიის ტრანზიტის მომსახურების შეთანხმების ძირითადი პირობები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის.

