საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ცინგტაოში იმართება.

მინისტერიალის წლევანდელი თემაა - „ინოვაციური მიღწევების გაზიარება, ენერგეტიკული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და უსაფრთხო მომავლის ერთობლივად შენება“.

საქართველოს ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს მინისტერიალის გახსნის ცერემონიაში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

ღონისძიების მიზანი ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება, მოწინავე ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, მწვანე ენერგიაზე გადასვლის პროცესის დაჩქარება და გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაა.

„სარტყელისა და გზის“ ენერგეტიკული მინისტერიალი მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ერთობლივი პროექტებისა და ახალი პარტნიორობის შესაძლებლობების განვითარებას.

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერი შეხვედრას გამართავს ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ვანგ ხუნგჭისთან, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.