საქართველოს საგარეო ვაჭრობაში პოზიტიური დინამიკა და მკვეთრი ზრდის ტენდენცია გრძელდება - მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს, 2,439.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ექსპორტი 73.5%-ით გაიზარდა და 1,551.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის აპრილში ექსპორტი 16.1%-ით გაიზარდა და თვის რეკორდულ მოცულობას - 716.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) 2025 წლის აპრილთან შედარებით 69.3%-ით არის გაზრდილი და 428.2 მლნ აშშ დოლარ შეადგენს. 

ამასთან, აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ  2,198.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.6%-ით მეტია. ხოლო იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვა 1.7%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული  -  8,132.8 მლნ აშშ დოლარი  შეადგინა. 

აპრილში ასევე გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი. 2026 წლის აპრილში სავაჭრო დეფიციტმა 765.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის აპრილთან შედარებით 143.0 მლნ აშშ. დოლარით გაუმჯობესდა.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის ოთხ თვეში ექსპორტის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ევროკავშირის ქვეყნებს,   ასევე ჩინეთს და ყირგიზეთს უკავია, ხოლო ქვეყნების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში, ტოგოში, თურქეთში, სომხეთში,  ბულგარეთსა და სხვა ქვეყნებში.

პროდუქტების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების,  ფეროშენადნობების, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, თხილისა და სხვა კაკლის, მინერალური და გაზიანი წყლების, მინერალური და მტკნარი წყლებისა და ღვინოების ექსპორტი.