ჩვენმა მედიანაკრებმა წარმომადგენლობითი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი მეორედ მოიგო.
24-27 ოქტომბერს ბათუმმა მე-6 საერთაშორისო საფეხბურთო მედიატურნირს უმასპინძლა, რომელშიც 8 ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუმინეთი, ლიეტუვა, უნგრეთი) ჟურნალისტთა ნაკრებმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინა 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ტურნირს.საქართველო ჯგუფში სომხეთთან, მოლდოვასა და ლიეტუვასთან მოხვდა და ფავორიტის სტატუსი ეჭვქვეშ არ დაუყენებია. ჩვენმა გუნდმა სომხეთი ანგარიშით 3:1, ხოლო მოლდოვა - 5:1 დაამარცხა და მხოლოდ ლიეტუვასთან გაიყო ქულები (0:0), რაშიც უდიდესი წვლილი ლიეტუველთა კარის დარაჯმა და ამ ქვეყნის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ტაუტვიდას ვენცევიჩუსმა შეიტანა, რომელმაც 15 მოგერიება მიითვალა.

ვერც ნახევარფინალში და ვერც ფინალში საქართველოს მედიანაკრებს ღირებული წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია. ჯერ აზერბაიჯანი დავამარცხეთ 5:2, შემდგომ კი უკრაინასთან 4:0 ვიმარჯვეთ და ჩვენი გუნდი კოტე მახარაძის თასის გამარჯვებული მეორედ გახდა! (პირველად - 2023 წელს).
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული კომენტატორი ცოტნე ქინქლაძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო ნახევარმცველად - ზურა მაკარაძე. განსაკუთრებული პრიზი - მამაცობისთვის გადაეცა ჩვენს კოლეგას და ნაკრების მეკარეს გეგი კიკაბიძეს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ფინალურ შეხვედრაში კუნთის სერიოზული დაზიანება მიიღო, მაინც არ დატოვა მოედანი და ამ ტრავმით ჩაასრულა მატჩი.
გამარჯვებულებს მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის შექმნილი ორიგინალური პრიზი საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი დოლაბერიძემ გადასცა ღონისძიების ფარგლებში, სასტუმრო „ბესთ ვესთერნ პრემიერ ბათუმის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე სპორტული ჟურნალისტიკა - პრობლემები და გამოწვევები“.
ტურნირში მონაწილე ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა ჟურნალისტებმა კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.მადლობას ვუხდით საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მთავარ დონორს, საქართველოს სპორტის სამინისტროს ტურნირის ორგანიზებაში გაწეული სრული მხარდაჭერისთვის. ასევე, მადლობას ვუხდით ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებს, აჭარის სპორტის დეპარტამენტს და აჭარის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას.

