“რეგიონული საჰაერო სივრცის გარკვეული ნაწილების მიუწვდომლობის გამო, ფრენების მარშრუტები ევრაზიული ქსელის მასშტაბით იცვლება, რის შედეგადაც სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მათ შორის, საქართველოს საჰაერო სივრცე, მნიშვნელოვან ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნად ყალიბდება. დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებასა და გლობალური საავიაციო ქსელის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში,” - აღნიშნავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონული ბიუროს დირექტორი, ნიკოლას რალო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილში და ხაზს უსვამს საქართველოს მიერ საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების, მდგრადობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.
წერილში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ავიაცია დღეს მზარდი საჰაერო მოძრაობის, გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და სამხედრო კონფლიქტების ფონზე განსაკუთრებით რთულ ოპერაციულ გარემოში ფუნქციონირებს.
“საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს საჰაერო მოძრაობის შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას, მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და ავიაციის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებას, ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის (EUR/NAT) რეგიონში მაღალი შეფასებით სარგებლობს. აღნიშნული ძალისხმევა ასახავს საქართველოს მტკიცე ერთგულებას საერთაშორისო თანამშრომლობისადმი და საერთო მიზნისადმი - საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის სისტემის უსაფრთხო და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად”,- აღნიშნულია ICAO - ს წერილში.
ნიკოლას რალო განსაკუთრებულად აღნიშნავს საქართველოს საჰაერო ნავიგაციის მომსახურების პროვაიდერის – შპს „საქაერონავიგაციის“ – ოპერატიულ რეაგირებას, მჭიდრო კოორდინაციას მეზობელი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, მაღალი ინტენსივობის საჰაერო მოძრაობის ეფექტიან მართვასა და ავიაკომპანიებთან პროაქტიულ თანამშრომლობას, რამაც ხელი შეუწყო ფრენების უწყვეტობას და გლობალური საავიაციო მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის შენარჩუნებას.