მორიგი სეზონი ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კირილ ზდანევიჩის გამოფენით გაიხსნა. წინანდალში გამოფენილი ნამუშევრები წარმოადგენს მხატვრის შემოქმედების რეტროსპექტივას 1910-იანი წლების კუბო-ფუტურისტული კომპოზიციებიდან 1960-იან წლებში შესრულებულ პეიზაჟებამდე. გამოფენა ისტორიულ მამულში კომპანია სილქნეტმა წარადგინა.

შერჩეული ნამუშევრები გივი ფარასტაშვილის პირად კოლექციას წარმოადგენს.

კირილ ზდანევიჩი (1892-1969), ქართველი მოდერნისტი გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი, ე.წ. კუბო-ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. მის საეტაპო შემოქმედებაში აისახა მულტიკულტურული თბილისის პოლიფონია და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ყველა მხატვრულ-ისტორიული პერიპეტია.

სიმბოლურია, რომ სწორედ კირილ ზდანევიჩის გამოფენის გახსნის დღეს წინანდლის მამულში გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სამხატვრო აკადემიასა და სილქ როუდ ჯგუფს შორის. მემორანდუმი, სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ერთობლივ გამართვასა და ხელოვნების პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ დღეს რომ ვიმყოფებით ამ ისტორიულ მამულში და ხელს ვაწერთ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ახალგაზრდების ხელშეწყობას ემსახურება. აქ ერთმანეთს ხვდება ისტორია და მომავალი. მე მჯერა რომ ეს არის შესანაშნავი დასაწყისი უამრავი იდეის განსახორციელებლად, რომელიც ახალგაზრდებიდან მოდის და სიმბოლურია, რომ ეს თანამშრომლობა ამ მუზეუმში იწყება კირილ ზდანევიჩის არაჩვეულებრივი გამოფენის გახსნით.“ - ყარამან ქუთათელაძე - სამხატვრო აკადემიის რექტორი - კირილ ზდანევიჩის შთამომავალი.

„თავიდანვე, როდესაც წინანდლის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაციას მოვკიდეთ ხელი, გვინდოდა, რომ ამ ადგილის კულტურული ტრადიცია აღგვედგინა და საერთაშორისო მნიშვნელობის განათლების და ხელოვნების ცენტრად გვექცია. წლების განმავლობაში წინანდალში უწყვეტად იმართება მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები. სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს შემატებს წინანდლის კომპლექსის საქმიანობას“. - გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის და სილქნეტის დამფუძნებელი.

კირილ ზდანევიჩის გამოფენა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ორი თვის განმავლობაში დარჩება. ღონისძიების მასპინძელია - სილქ ჰოსფითალითი.