საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა ორი ანგარიში განიხილა, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შეყილაძემ წარადგინა.
„სსიპ – სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის – „დელტას“ აქტივების მართვისა და შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშზე“ საუბრისას, ზაზა შეყილაძემ განაცხადა, რომ აუდიტის პერიოდი 2022-2023 წლებს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც 10 რეკომენდაცია გაიცა.
მისივე თქმით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა მიგნებები, რომლებიც შეეხებოდა: აქტივების მართვის ნაკლოვანებებს, გამოუყენებელ აქტივებს, დაურეგისტრირებელ ქონებას, სამხედრო-ტექნიკისა და ტყვია-წამლის შენახვა-გამოყენების ნაკლოვანებებს, უტილიზაციის პრობლემებს, შვილობილი კომპანიების მართვის ნაკლოვანებებს, ლითონის ჯართისა და აქტივების დაშლის შედეგად მიღებული ქონების მართვას.
ზაზა შეყილაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით 9 რეკომენდაცია გაიცა, ხოლო მე-10 რეკომენდაცია სახელმწიფო შესყიდვებს შეეხებოდა.
სსიპ „დელტას“ წარმომადგენლებმა რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ისაუბრეს.
მომხსენებელმა ასევე წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აქტივების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.
მისი თქმით, აუდიტის პერიოდი 2020-2022 წლებს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც 5 რეკომენდაცია გაიცა.
ზაზა შეყილაძის განცხადებით, აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შენობა-ნაგებობების სიმცირეს და არსებულის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას; სპეციალიზებული ავტოტექნიკისა და სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის მართვის პროცესის გამოწვევებს; სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის რესურსების ათვისების, სახელმწიფო რეზერვების მართვისა და ინვენტარიზაციის ნაკლოვანებებს და სხვა.
მისივე თქმით, რეკომენდაციების შესრულებაზე მიმდინარეობს მონიტორინგი.

