„საქართველოს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დაღრმავებითი სამუშაოები დაიწყო“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247, სადაც აღნიშნულია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, ვინაიდან კომპანია Jan De Nul-ის ორმა ფსკერ დამაღრმავებელმა გემმა შესასვლელი არხის და მოსაბრუნებელი აუზის სამუშაოები დაიწყო.
"ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის, ახალი კარიბჭე. პროექტის მიზანია, საქართველოს მნიშვნელოვნად გაუზარდოს გამტარუნარიანობა კონტეინერების, მშრალი ნაყარი და სხვა ტიპის ტვირთების მიმართულებით, რუსეთისა და სუეცის არხის მარშრუტებზე დამოკიდებულების შემცირების პარალელურად.
პირველი ეტაპის დასრულება 2029 წელს იგეგმება, როდესაც, სავარაუდოდ, პორტი წლიურად სულ მცირე 600000 TEU-ს (20-ფუტის ეკვივალენტურ ერთეულის) გადაამუშავებს. მეორე ეტაპი კი 2035 წლისთვის გამტარუნარიანობას სულ მცირე 1 მილიონ TEU-მდე გაზრდის. Jan De Nul მონაწილეობს შუა დერეფანთან დაკავშირებულ სხვა საპორტო პროექტებშიც, მათ შორის ყაზახეთში კურიკის პორტის გაფართოებასა და თურქეთში, მერსინის პორტში მიმდინარე დაღრმავებით სამუშაოებში“, - აღნიშნულია სტატიაში.