ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 19 ახალი  საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.

სამშენებლო სამუშაოები დაიწყება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, სენაკში,  ტყიბულში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში, დედოფლისწყაროში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში,  დმანისში, თეთრიწყაროში,  ნინოწმინდაში, გარდაბანში,  მარნეულში, ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში,  კასპში,  ხაშურში და ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარში.

პროექტებით გათვალისწინებულია  300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, თანამედროვე საფეხბურთო მოედნების, მსაჯების და  გუნდების ოთახების, საშხაპეების,  გასახდელების, და  ტექნიკური სათავსოების მოწყობა.

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა  ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას რეგიონებში და გააძლიერებს სპორტულ ცხოვრებას. 

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას  გეგმავს.