ცოტა ხნის წინ შეიქმნა და ონლაინ სივრცეში გაეშვა ტყის სოკოების პირველი ქართული ონლაინ-მაღაზია boletto.ge. Boletto დაფუძნებულია დაბა ხარაგაულში. მისი გუნდი 2012 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობს ტყის არამერქნული პროდუქტების (NTFPs), სამკურნალო და კულინარიული მცენარეების, ველური კენკრისა და ტყის სოკოების შეგროვებაზე, გადამუშავებასა და ექსპორტზე.

ტყის სოკოები მნიშვნელოვან და ღირებულ ადგილს იკავებენ სხვადასხვა ქვეყნის კულინარიაში. ეს ინდუსტრია საკმაოდ განვითარებულია იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. ამასთან, ტყის სოკოებს ვიტამინებისა და მინერალების ძალიან მაღალი შემცველობა აქვს და ცილის მიღების კარგი ალტერნატიული წყაროა.

წლების განმავლობაში სწორ პროდუქტებზე ორიენტირებამ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მუშაობამ, მდგრადობის პრინციპების დაცვამ და ბიოსერტიფიცირებით დაინტერესებული ფერმერებისა და შემგროვებლების ზრდამ, კომპანიის გუნდს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გაეტანა ევროკავშირში, ა.შ.შ.-ში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში. კომპანია ამზადებს სრულიად ახალი სახეობის ჩაის – გაყინული ფოთლების ჩაის – Freeze Tea-ს.

Boletto ტყის სოკოებს ადგილობრივ მომწოდებლებთან თანამშრომლობით აგროვებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ეკოლოგიურად სუფთა ტყეებში. მიწოდების ჯაჭვი საქართველოს ტყეებსა და მაღალმთიან სოფლებში იწყება. ადგილობრივი მოსახლეები დილით შეგროვებულ ტყის სოკოებს მათ აბარებენ, დღის ბოლომდე არჩევენ, ასუფთავებენ და შოკურად ყინავენ ან აშრობენ. შედეგად, მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ტყის სოკოების შენახვა და მსურველებისთვის შეთავაზება.

ტყის სოკოებს საკმაოდ ბევრი მოყვარული ყავს საქართველოში, განსაკუთრებული პოპულარობით ნიყვი გამოირჩევა, თუმცა, მაღალი  ღირებულების სხვა სოკოებიც იზრდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მათ შესახებ ცნობადობა ჯერ კიდევ დაბალია მომხმარებლებში. ამასთან, აქამდე, ბუნებრივი სეზონის დასრულების შემდეგ ბაზარზე მხოლოდ სათბურის სოკოებია ხელმისაწვდომი.

ჩვენ ტყის სოკოებს მომხმარებლებს მთელი წლის განმავლობაში ვთავაზობთ, სეზონზე - ცოცხალი სახით, სეზონის შემდეგ კი შოკურად გაყინულ და გამშრალ ფორმებში. ძირითადი პროდუქტებია ნიყვი, მიქლიო, ხარისფაშვა, დათვის და მჭადა სოკოები. თუმცა, ტყის სოკოების მრავალფეროვნება შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მომხმარებლებს სიახლეები ხშირად შევთავაზოთ.

ტყის სოკოებს სეზონის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვიბარებთ ადგილობრივი შემგროვებლებისგან, შემდეგ დაბა ხარაგაულში, ჩვენს საწარმოში ვამუშავებთ და ან შოკურად ვყინავთ ან ვაშრობთ. ტყის სოკოების კომერციალიზაციის მიმართულებით 2016 წლიდან ვმუშაობთ. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე გვესტუმრნენ იტალიელი და ესპანელი პროფესიოანლი მიკოლოგები, ასევე, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობით ქართველ მიკოლოგებთან. ჩვენი მიზანია ტყის სოკოების და ტყის სხვა არა-მერქნული პროდუქციის პოპულარიზაცია ქართულ ბაზარზე“ - ამბობს Boletto.ge-ის თანადამფუძნებელი, სოსო კობახიძე.

სოსო კობახიძის თქმით, ტყის სოკოები ველურ ბუნებაში იზრდება და შესაძლოა მათი ვიზუალური მხარე და ფორმები ისეთივე იდეალური არ იყოს როგორც სათბურის სოკოების, თუმცა, ტყის სოკოებს მდიდარი გამოვნური თვისებები და მაღალი ნუტრიციული ღირებულება გამოარჩევს, რაც ტყეში არსებული სოკოს მკვებავი ნივთიერებების მრავალფეროვნებით არის განპირობებული.

სოსო კობახიძე, “კავკასანის“ და Bolettos დამფუძნებელი: „ასოციაცია „ტყის პროდუქტის“ წევრი კომპანია ვართ, ჩვენი მშობელი შპს „კაუკაზანია“, რომელიც ორგანიზაცია CENN-თან ერთად ამავე ასოციაციის თანადამფუძნებელია. ასოციაცია მუდმივად უზრუნველგვყოფს ინფორმაციულად ტყის არამერქნული პროდუქციის შეგროვების ნებართვებსა და რეგულაციებთან დაკავშირებით, ასევე, მათი ჩართულობით და CENN-ის თანადაფინანსებით შარშან დავიწყეთ ტყის ტურიზმის განვითარება, თუმცა მოგვიანებით გვალვის გამო პრაქტიკული ტრენინგები შევაჩერეთ, მაგრამ წელს დაგეგმილია მისი გაგრძელება.

ორგანიზაცია CENN დასაწყისშივე იყო კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი, პირველი ფინანსური დახმარება „გაყინული ფოთლების ჩაის“ წარმოებისას მივიღეთ „მწვანე ეკონომიკის სკოლის“ პროექტის ფარგლებში, ხოლო შემდგომ Boletto-ს მიერ ინიცირებულ „ტყის და ველური სოკოების ტურიზმის განვითარების პროექტს“ გაუწიეს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭრა. ამას გარდა, CENN ჩვენს და ტყის არამერქნული პროდუქტების მწარმოებელ მცირე ბიზნესებს მუდმივად ეხმარება, ზოგ შემთხვევაში ფინანსურად და ტექნიკურად, ზოგჯერ კი, სხვადასხვა გზებით პროდუქციის პოპულარიზაციასა და კომერციალიზაციაში.

ჩვენი კომპანია ტყის სოკოებისა და ტყის პროდუქტების გარშემო მრავალმხრივ გეგმავს განვითარებას, ტყის სოკოების პორტფელის განვითარებასთან ერთად, სეზონზე ვგეგმავთ სოკოს ტურების განხორციელებას, ასევე, სხვადასხვა რესტორანში ტყის სოკოს საღამოების მასპინძლობას“.

მიუხედავად იმისა, რომ Boletto-ს პლატფორმა თავიდან-ბოლომდე ორგანიზაცია „კაუკაზანმა“ შექმნა, CENN-ის მიერ ინიცირებული „ასოციაცია ტყის პროდუქტი“  სოკოს ტურიზმის მიმართულებით დიდი ხანია მუშაობს და ამ მიმართულებით მათ უკვე ქონდათ რეკომენდაციები და მასალები საერთაშორისო გამოცდილების შესახებ. ასევე შეაგროვეს ადგილობრივი სოკოების შესახებ ინფორმაცია მიკოლოგის ჩართულობით და დაატრენინგეს სოკოს შემგროვებლები.

„ინტერნეტ-მაღაზია Boletto ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში, იმიტომ რომ დღემდე საქართველოში სოკოს ბაზარი ორგანიზებულად და პროფესიონალურად არ ყოფილა წარმოდგენილი. ეს ხელს შეუწყობს საქართველოში ხარისხიანი სოკოს რეალიზაციასა და ტყის არამერქნული პროდუქტების ბაზრის განვითარებას. ასევე მომხმარებელს ექნება წვდომა ორგანიზებულ და მოწესრიგებულ სარეალიზაციო სივრცეზე და გაუადვილებს შესყიდვის პროცესს. უფრო სანდოცაა ამავდროულად და მეტად საპასუხისმგებლოცაა“ - ამბობს ასოციაცია „ტყის პროდუქტის“ ხელმძღვანელი, გიორგი გუჯარაიძე.

ინტერნეტ-მაღაზიით ასოციაცია „ტყის პროდუქტის“ ყველა წევრს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს. საუბარია იმ მცირე მწარმოებლებზე, ვინც არამერქნული ბაზრით არის დაინტერესებული და მომავალში ექნება ველური  სოკოს სახით ახალი პროდუქციის  თავის ასორტიმენტში. ინტერნეტ-პლატფორმით ასევე ისარგებლებენ ასოციაცია „ტყის პროდუქტის“ წევრები, რომლებიც ეკოტურიზმისა და გასტრონომიული ტურიზმით არიან დაკავებულნი.