რა მნიშვნელობა აქვს პათოლოგიას ონკოლოგიური დაავადებების მართვისა და სწორი დიაგნოზის დასმის პროცესში? რა ფასს ვიხდით შეცდომებში, რომელიც პათოლოგ-ანატომმა ბიოფსიის აღების დროს შეიძლება დაუშვას და რისთვის არის საჭირო ე.წ “მეორე თვალი”? - პათოლოგიური ანატომიის თანამედროვე გამოწვევებსა და ინოვაციებზე “აიპრესთან” ინტერვიუში საუბრობს „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ (Anadolu Medical Center) პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰუსეინ ბალოღლუ.
რა ვიცით დღეს სიმსივნის ბიოლოგიის შესახებ და რა როლს თამაშობს გენეტიკური და ოჯახური ფაქტორები, განსაკუთრებით ძუძუს კიბოს განვითარების შემთხვევაში?
სიმსივნის ბიოლოგია, სინამდვილეში, არ შეცვლილა, ანუ ვიცით რა ცვლილებები იწვევს კიბოს განვითარებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს უცნობი ნაწილებიც. ჩვენი ცოდნისა და პრაქტიკის ფარგლებში ვიცით თუ რატომ ვითარდება ძუძუს კიბო. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ოჯახური ან მემკვიდრეობითი ანუ ჰერედიტარული. თუ გენეტიკური მუტაცია დადასტურებული არ არის, მაგრამ ოჯახში ხშირია შემთხვევები, ამას ვუწოდებთ ოჯახურს კიბოს. ოჯახური და ჰერედიტარული ფორმები ერთად შეადგენს ძუძუს კიბოს დაახლოებით 25-30%-ს. ანუ, ყოველუ სამი პროცენტიდან ერთში, ან გენეტიკური ცვლილებაა ან ოჯახური ისტორია.
ახდენს თუ არა ეს გავლენას სიმსივნის ქცევაზე და ცვლის თუ არა მკურნალობის პრინციპებს?
დიახ, მოლეკულურ-გენეტიკური ცვლილება გვაძლევს მკურნალობის დამატებით შესაძლებლობებს, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმსივნეს უფრო აგრესიულსაც ხდის. მაგალითად, გარკვეულ გენებთან არსებული დარღვევების დროს სიმსივნე შეიძლება იყოს ოჯახური და უფრო ახალგაზრდა ასაკში გამოვლინდეს. მაგრამ, რადგან ეს ინფორმაცია ვიცით, დაავადებას შესაბამისად ვმართავთ და მკურნალობასაც ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვგეგმავთ.
შეიცვალა თუ არა კიბოს ბიოლოგია უარესობისკენ?
არა, ასეთი გაუარესება არ დაფიქსირებულა. 50 წლის წინ, ძუძუს კიბო ბევრად უფრო მძიმე მიმდინარეობით ხასიათდებოდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმედ მიმდინარეობს დაავადება, დღეს პაციენტთა დიდი ნაწილი გაცილებით ხანგრძლივად ცხოვრობს, ვიდრე ეს 50 წლის წინ ხდებოდა. ეს არის დროის მიერ მოტანილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი